დღეს, "რუსთავი 2-ზე" დებატებია - საჯარო დისკუსიის თემაა ნეიტრალიტეტი თუ ინტეგრაცია? ამ საკითხზე მაყურებელი განსხვავებულ პოზიციებს ერთ სივრცეში მოისმენს.
ერთმანეთის პირისპირ იქნებიან მმართველი გუნდისა და "ნეიტრალური საქართველოს" წევრები. დებატები რეზი ჭიჭინაძესთან ერთად "რუსთავი 2-ის" ეთერში, 22:00 საათზე დაიწყება.
დებატების წინ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა. ვატო შაქარაშვილის განცხადებით, საკმარისი არ არის ევროკავშირის კრიტიკა და საქართველომ საბოლოოდ უნდა თქვას უარი ევროინტეგრაციაზე.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე იმართება საჯარო დისკუსია. მადლობა ხელისუფლებას, რომ დათანხმდა ამ ინიციატივას.
ვხედავთ, სამყარო იცვლება, "ქართული ოცნების" საგარეო პრიორიტეტები კი წარსულში რჩება. გვექნება ძალიან მკაფიო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს, 2026 წელს, აღარ არის საკმარისი მხოლოდ ევრო-ბიუროკრატიის მხილება და კრიტიკა, არამედ საჭიროა, რომ საბოლოოდ გამოვიდეთ ევრო ილუზიიდან, დავასრულოთ ეს 35-წლიანი ილუზია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ დააზიანა", - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.