პარლამენტის თავმჯდომარე სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. შალვა პაპუაშვილი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრებს. ქართულ დელეგაციაშია ასევე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე. მისი თქმით, მსგავსი პლატფორმა კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ გაიცვალოს ინფორმაცია და გზავნილები ორმხრივი ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების გაღვივების თვალსაზრისით.
"ის ორმხრივი შეხვედრები, რომელიც დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დაგეგმილი აქვს როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საპარლამენტო წარმომადგენლებთან, ასევე აზიის სახელმწიფოების წარმომადგენლებთან, იქნება კიდევ ერთი საშუალება იმისა, რომ გავცვალოთ ინფორმაცია და გავცვალოთ გზავნილები ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების გაღვივების თვალსაზრისით", - აცხადებს მაია ბითაძე.
პარალელურად, გრძელდება ორმხრივი შეხვედრები. უკვე გაიმართა მოლაპარაკება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე კანდიდატი და აზიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს. ფორუმი 157 ქვეყნის დელეგაციას და 70-ზე მეტ სპიკერს მასპინძლობს.