ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ და მომლაპარაკებელი დელეგაციის ხელმძღვანელმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა, ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სოციალურ ქსელ X-ზე შეაჯამა. მისი განცხადებით, დიპლომატიურ პროცესში მთავარ დაბრკოლებად მომლაპარაკებელ ჯგუფებს შორის ნდობის არარსებობა რჩება.
"მოლაპარაკებების დაწყებამდე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი მხრიდან არსებობდა აუცილებელი კეთილი ნება და მზაობა, თუმცა წინა ორი ომის გამოცდილებიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ნდობა არ გაგვაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ირანის დელეგაციამ კონსტრუქციული ინიციატივები წარადგინა, მოწინააღმდეგემ ამ რაუნდში ჩვენი ნდობის მოპოვება მაინც ვერ შეძლო", - წერს ღალიბაფი.
მისივე მოსაზრებით, ვაშინგტონისთვის თეირანის ლოგიკა და პრინციპები გასაგებია, შესაბამისად, ღალიბაფის თქმით, სამშვიდობო პროცესში მოვლენების შემდგომი განვითარება ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული.
"ახლა უკვე მათზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ჩვენი ნდობის დამსახურებას", - წერს ღალიბაფი.
ლუკა ჩლაიძე