ქართული ესტრადის ცნობილი მომღერალი გოჩა ლორია 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას მომღერლის ოჯახის წევრი ავრცელებს.
ლორიას კარიერა 1965 წელს, მუსიკალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ანსამბლ "რეროში" დაიწყო. ასევე, იყო რობერტ ბარძიმაშვილის მიერ დაარსებულ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ "75"-ის სოლისტი, სადაც არაერთი, დღემდე პოპულარული სიმღერა შეასრულა ("ჩურჩულები", "დრო სათაყვანო"...).
გოჩა ლორიას "ჩხიკვთა ქორწილში" ერთ-ერთი მთავარი, ყვავის როლი ჰქონდა. სამი წლის განმავლობაში, ლორიამ მიუზიკლი 1 500-ჯერ შეასრულა.
მომღერალს 14 აპრილს დაკრძალავენ. მას აგრარულ უნივერსიტეტთან მდებარე წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ.