ვაშინგტონი ისლამაბადში თეირანთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციას აგზავნის. სანამ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და მომლაპარაკებლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დიპლომატიურ რაუნდს დაიწყებენ, დროებითი ზავის პირობებს დონალდ ტრამპი ასახელებს. შტატების პრეზიდენტი ირანისგან მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული არტერიის გახსნას და ბირთვულ პროგრამაზე საბოლოოდ უარის თქმას ითხოვს.
ცნობილია, რომ ისლამური რესპუბლიკა მზადაა ჰორმუზის სრუტეში ყოველდღიურად 10 ტანკერი გაატაროს. სტრატეგიულ დერეფანში შესვლას უკვე 400 გემი ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკურ ზონაში გავლის უფლების მისაღებად კომპანიებმა ყოველ ბარელ ნავთობზე ირანს ერთი დოლარი უნდა გადაუხადონ.
მხარეებს შორის ზავის ამოქმედებიდან მალევე, ირანმა შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება ირწმუნება, რომ პაკისტანის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება საბრძოლო მოქმედებების სრულ შეჩერებას ითვალისწინებდა, მათ შორის, ისრაელის ოპერაციის შეწყვეტას ლიბანში, რადიკალური დაჯგუფება "ჰეზბოლას" წინააღმდეგ.
ირანის ბრალდებებს თეთრი სახლი მალევე გამოეხმაურა. ტრამპის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა განმარტა, რომ ლიბანი მიღწეული შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა. მისივე თქმით, ვაშინგტონი არ დაუშვებს, რომ თეირანმა რეგიონში პროქსი რადიკალური და ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა განაგრძოს.
ცნობილია ისრაელის პოზიციაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ორკვირიანი ზავის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ შეთანხმების პირობები ლიბანზე არ ვრცელდება.
ახლო აღმოსავლეთში ყველაზე ცხელი წერტილი ახლა ლიბანია. ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰეზბოლას" წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიშების სერია განახორციელეს. შედეგად ბეირუთში, სამხრეთ ლიბანში და ბექაას ხეობაში რადიკალური დაჯგუფების 100-ზე მეტი ობიექტი განადგურდა, მათ შორის: საოპერაციო შტაბები, სამეთაურო პუნქტები, სარაკეტო გამშვები მოედნები და სპეცდანიშნულების ძალების ბაზები. ბოლო მონაცემებით, მომხდარი დარტყმების შედეგად სულ მცირე 203 ადამიანი დაიღუპა და 1 000-ზე მეტი დაიჭრა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე