06 აგვისტო 2026,   01:45
ვრცლად
ენერგოსექტორის ფინანსური ამნისტია - მთავრობის გადაწყვეტილებით, 157 კომპანიას დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ოდენობით ჯარიმები ჩამოეწერათ

ენერგო სექტორის სტიმულირების გაზრდა და სხვა ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება - მთავრობის გადაწყვეტილებით, 157 კომპანიას , დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ოდენობით ჯარიმები ჩამოეწერათ. ახალი ინიციატივა ქვეყანას, არსებული რესურსების მაქსიმალურ ათვისებაში დაეხმარება.

დავალიანება, ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიებზე მომუშავე კომპანიებს გაუნულდათ. მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზი ის დაბრკოლებებია, რაც სახელმწიფოს წინაშე დაგროვებული ჯარიმებისა და საურავების სახით, ენერგეტიკის სისტემის განვითარებას წლების განმავლობაში აფერხებს. ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსგავსი აქტები ხელს შეუწყობს, ე.წ. "ქაღალდის ინვესტორების" გამოვლენას.

კერძო კომპანიებს ფინანსური ვალდებულებები კონკრეტული დათქმებით ჩამოეწერებათ. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები არაკეთილსინდისიერად შეასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს, ახალ პირგასამტეხლოსთან ერთად, მათ ძველი ჯარიმებიც დაეკისრებათ.

კონკრეტული დათქმით, დავალიანებების განულება ერთდროულად ორ მიზანს ემსახურება - ერთი მხრივ, კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერები ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და მეორე მხრივ, მათ დარჩებათ მაქსიმალური მოტივაცია დაგეგმილი პროექტების სათანადო ვადებში განსახორციელებლად. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ეს ინიციატივა, ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას.

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, ენერგოიმპორტზე დამოკიდებულების სრულად აღმოფხვრა და ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაა.

დღის ამბები