08 აგვისტო 2026,   03:46
ვრცლად
პეტერ ფიშერი, რამდენიმე სხვა ელჩთან ერთად, პირდაპირ დამნაშავეა - პოზირებენ ყველაზე ექსტრემისტ რადიკალ აქტივისტებთან, შემდეგ ამ ფოტოებს აქვეყნებენ და წერენ, რომ თურმე ისინი არიან საქართველოს მომავალი - ლევან მაჭავარიანი

"ეს მათ არასერიოზულობაზე მეტყველებს და ამით თუ ცდილობენ ისინი, რომ ჩვენ რამეს დაგვაკლებენ, ძალიან ცდებიან. პირიქით, აკლებენ თავიანთ თავს და ამით პირიქით, ამით ისინი თავიანთ რეპუტაციას ლახავენ," - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ეხმაურება საკითხს, რომლის თანახმადაც,  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემებს არ აახლებს და საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი წერია.

ლევან მაჭავარიანი ამას გერმანიის ხელისუფლების მხრიდან არასერიოზულ დამოკიდებულებას უწოდებს. 

"ეს არის ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება გერმანიის ხელისუფლების მხრიდან, მაშინ როდესაც ისინი აახლებენ ინფორმაციას უკლებლივ ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით, მაინც და მაინც საქართველოსთან დაკავშირებით არის ეს უზუსტობა დარჩენილი, სადაც ისევ სალომე ზურაბიშვილი ჰყავთ გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტად. ეს საერთო ხელწერაა, ჩვენ არა ერთი რეზოლუცია ვიხილეთ, სადაც ევრობიუროკრატები, ევროპარლამენტარები რეზოლუციაში პირდაპირ წერდნენ, რომ თურმე დღესაც ქალბატონი ზურაბიშვილია საქართველოს პრეზიდენტი, იგივეს აკეთებს გერმანიის მთავრობაც. ეს მათ არასერიოზულობაზე მეტყველებს და ამით თუ ცდილობენ ისინი, რომ ჩვენ რამეს დაგვაკლებენ, ძალიან ცდებიან. პირიქით, აკლებენ თავიანთ თავს და ამით პირიქით, ამით ისინი თავიანთ რეპუტაციას ლახავენ. პეტერ ფიშერი, რამდენიმე სხვა ელჩთან ერთად, პირდაპირ დამნაშავეა, პოზირებენ ყველაზე ექსტრემისტ რადიკალ აქტივისტებთან და შემდეგ ამ ფოტოებს აქვეყნებენ და წერენ, რომ ისინი არიან თურმე საქართველოს მომავალი და აგრძელებენ ასეთ ქმედებებს. რაც პირდაპირ წახალისებაა ამ რადიკალების. არასდროს არ ემიჯნებიან ძალადობას, არ ემიჯნებიან ძალადობრივ აქციებს და პირიქით, ყოველთვის ახალისებენ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს მათი დანაშაულია, რომ ასეთი ჯგუფები საქართველოში არის ჩამოყალიბებული." - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

საქართველოში გერმანიის ელჩი არ პასუხობს შეკითხვას, რატომ არ აახლებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მონაცემებს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი წერია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო უწყებაში ნოტა გააგზავნა, თუმცა ოფიციალურ ბერლინს რეაგირება არ ჰქონია - საქართველოს შესახებ მონაცემები ვებგვერდზე კვლავ უცვლელია, მაშინ როდესაც განახლება მარტში შეეხო რუსეთს და სირიას.

 

 

დღის ამბები