"როდესაც ეს ჯარი მოადგა და საშიშროება თვალნათელი იყო, მობრძანდა პატრიარქი. ეს იყო მისტიკით სავსე წუთები. მახსოვს ხალხი გაირინდა", - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში, 9 აპრილის მოვლენების შესახებ საუბრისას, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პატრიარქი და ეროვნული მოძრაობის ლიდერები, დარბევის დროსაც ბოლომდე იდგნენ რუსთაველის გამზირზე.
"როდესაც ეს ჯარი მოადგა და საშიშროება თვალნათელი იყო, მობრძანდა პატრიარქი. ეს იყო მისტიკით სავსე წუთები. მახსოვს, ხალხი გაირინდა. მეც ვამბობდი, რომ ყოფილიყო დუმილი და ამ დუმილში დაიბადებოდა ის, რაც ალბათ უნდა მომხდარიყო. პატრიარქის სიტყვები იყო, რომ საშიშროება იყო რეალური. ჩანაწერებში დიალოგის ნაწილიც ჩანს, ის გამსახურდიას, კოსტავას, წერეთელს ესაუბრება და ეუბნება, რომ საშიშროება ნამდვილად რეალურია, მაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ და ა.შ. მაგრამ, მიტინგი არ იძვროდა. მაშინ პატრიარქმა შესთავაზა მიტინგს, რომ შევტრიალდეთ, პირი ვიბრუნოთ ეკლესიისკენო, მაგრამ დაშლა არც უგულისხმია და წმინდა გიორგის შევთხოვოთ და პარაკლისი გადავიხადოთო. ეს იყო პატრიარქის ხედვა, მისი ქრისტიანობიდან და ბუნებიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის ის გზას და ხსნას ხედავდა ეკლესიის და საუფლო გზაზე. მაშინ ბრძოლის სულისკვეთება ისეთი იყო, რომ ხალხმა თქვა - დავრჩებით და ვიქნებით ბოლომდეო. აღსანიშნავია, რომ უკან არავინ დაიხია, პატრიარქიც იქ იდგა ბოლომდე, ისევე, როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერები და, როდესაც უკვე დარბევამ მიიღო ბრუტალური ხასიათი, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, ხალხს დაერივნენ და იყო ეს დიდი უბედურება, ბოლომდე იდგა პატრიარქი, იდგნენ ლიდერები", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.