"როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი რჩება კონკრეტული წარმომადგენლობისთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, გერმანიის საგარეო უწყების დამოკიდებულება უკვე არათუ შეცდომა, არამედ განზრახ განხორციელებული ქმედებაა.
"ერთი და იმავე "შეცდომის" დაშვება როდესაც ხდება, ეს შეცდომა არ არის, განზრახ განხორციელებული საკითხია. ასეთი დამოკიდებულება დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე შავ ლაქად აისახება და ქართულ-გერმანულ ურთიერთობას ვერ დააზიანებს. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი რჩება კონკრეტული წარმომადგენლობისთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად. რა თქმა უნდა, ასეთი შიდა მოხმარებით სარგებლობს გერმანული დიპლომატიური წარმომადგენლობა, რაც სამწუხაროა," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ არ აახლებს ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი წერია. ამ თემაზე მაკა ბოჭორიშვილს ირაკლი შატაკიშვილმა სადეპუტატო შეკითხვით მიმართა. მინისტრმა დეპუტატს უპასუხა, რომ გაგზავნილია ნოტა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებასთან კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს საელჩოსაც, თუმცა საქართველოს შესახებ მონაცემები ვებგვერდზე ისევ არ იცვლება, მაშინ როდესაც განახლება მარტში შეეხო რუსეთს და სირიას.