27 ნოემბერი 2026,   06:44
ვრცლად
ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გახსნა.

გივი მიქანაძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მეცნიერების განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები გააცნო. უშუალოდ საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია კი მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა.

"გავითვალისწინეთ ახალი მიმართულებები, რომელიც თემატურად იქნება განსაზღვრული შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსების პროგრამაში. ეს ყველაფერი იმაზეა ორიენტირებული, რომ ფონდის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ, უფრო მეტ მეცნიერს, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეცნიერებს შევუწყოთ ხელი საკუთარი პროექტების განხორციელება-განვითარებაში. და ეს საბოლოო ჯამში, საქართველოში მეცნიერების განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამას წარმოადგენს," - აცხადებს გივი მიქანაძე.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით, მისასალმებელია, რომ დიდი ყურადღება დაეთმო ქართველოლოგიის მიმართულებას,

"რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, დღეს წარმოადგინა დამსწრე საზოგადოების წინაშე ის პრიორიტეტები, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის. განსაკუთრებით, მისასალმებელია, რომ ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო ქართველოლოგიის მიმართულებას, ის ცალკე გამოიყო, როგორც პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის" - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

დღის ამბები