20 ივნისი 2026,   12:41
ვრცლად
Artemis II-ის მთვარის მისია - კოსმოსურმა ხომალდმა მთვარეს 6 000 კილომეტრის რადიუსზე ჩაუარა და დედამიწას 406 771 კმ-ით დაშორდა

ნასამ კოსმოსურ ხომალდთან კავშირი 40 წუთით დაკარგა, რა დროსაც "ორიონმა" მთვარეს 6 000 კილომეტრის რადიუსზე ჩაუარა. ისტორიული მანევრისას ადამიანმა შეუიარაღებელი თვალით პირველად დაინახა მთვარის უკანა მხარე და დედამიწიდან რეკორდულ დისტანციაზე აღმოჩნდა - ხომალდი ჩვენს პლანეტას 406 771 კილომეტრით დაშორდა.

ისტორიულია "არტემისის" მისიის შემადგენლობაც. "აპოლოს" შემდეგ მთვარის ოდისეაში პირველი ქალი, კრისტინა კოხი და პირველი ფერადკანიანი ასტრონავტი, ვიქტორ
გლოვერი მონაწილეობენ. კანადელი ჯერემი ჰანსენი კი პირველი არაამერიკელი გახდა, რომელმაც დედამიწის თანამგზავრისკენ ნასას ხომალდით იმოგზაურა. საკუთარი შთაბეჭდილებები ასტრონავტებმა ამერიკის პრეზიდენტსაც გაუზიარეს.

ნასამ ასტრონავტების მიერ გადაღებული უნიკალური ფოტოები უკვე გამოაქვეყნა. კადრებში აღბეჭდილია, თუ როგორ ეფარება დედამიწა მთვარის ჰორიზონტს; აღბეჭდილია ორბიტაზე მზის დაბნელების მომენტიც. ცნობილია, რომ ციფრული გადაღების პარალელურად, ეკიპაჟის წევრები ნანახის აუდიოჩანაწერს აკეთებდნენ და ხელით ხატავდნენ ილუმინატორიდან დანახულის ესკიზებს.

ამჟამად ეკიპაჟი მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი მონაცემებით დედამიწისკენ ბრუნდება. გზას ოთხი დღე დასჭირდება, ხომალდი კი წყნარ ოკეანეში 10 აპრილს დაეშვება.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები