საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ურთიერთობის განახლების სურვილი, ორივე ქვეყნის მხრიდან არსებობს.
მისივე თქმით, საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა აუცილებელია ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს დაცული:
"ჩვენი დიდი სურვილია, რომ გადაიტვირთოს ეს პროცესი, მათი სურვილიც არის და გამოჩნდა ეს ყველაფერი. დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც განაცხადეს დიდი ნეგატივი იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან დატოვებული და ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, თუ როგორი დამოკიდებულებით იყო წინა ადმინისტრაცია და როგორ შეიცვალა ეს პროცესი. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. რაც ყველაზე მთავარია, სლოვაკეთში ვიზიტმა რა დაგვანახა ჩვენ, რომ სლოვაკეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენი სურვილია, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რასაც კადრულობს ევროპული ბიუროკრატია, ბრიუსელი. ვხედავთ, რას კადრულობს თავად ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან მიმართებაში, როგორიც სლოვაკეთია, უნგრეთია, არ გვიკვირს. ერთადერთი იმედის მომცემი, რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში, რომ სწორედ სლოვაკეთის მსგავსი ქვეყნები არიან იმედისმომცემი და ჩვენ უნდა სწორება გავაკეთოთ ასეთ ქვეყნებზე. უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ის ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი, რაც ჩანს, ევრობიუროკრატების მოქმედებებიდან გამომდინარე, უფრო მეტად პრაგმატულად შეხედოს.
ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნისთვის, თუ რა გვსურს ჩვენ. ჩვენ არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ხედვებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ დროს, ვართ მზად დიალოგისთვის და ნებისმიერი თემის განხილვისთვის. ეს არის ჩვენი მოცემულობა და ამას ვერავინ ვერ შეცვლის," - აღნიშნა პრეზიდენტმა.