07 აგვისტო 2026,   16:46
ვრცლად
სლოვაკეთი ევროკავშირის წევრია, იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის, რაც ჩვენთვის მისაბაძი და მისასალმებელია - მიხეილ ყაველაშვილი

"დავიწყებ მადლობის გამოხატვით სლოვაკეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლების მიმართ, კერძოდ, ჩემი კოლეგის, პრეზიდენტის პეტერ პელეგრიმის მიმართ, რომელმაც მომიწვია და შინაარსიანი, გულთბილი შეხვედრა მომიწყო," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ  განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სჭირდება ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან და საქართველოს მათთან კარგი ურთიერთობა აქვს.

"ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საერთო ხედვები გვაქვს და ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, თუ როგორ იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის, რაც ჩვენთვის მისაბაძი და მისასალმებელია. ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებს ვიცავთ და გვჭირდება მსგავსი ქვეყნები, რომლებიც წევრები არიან ევროკავშირის და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს," - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრატისლავაში დასრულდა. მიხეილ ყაველაშვილს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ, ორი ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრა პირისპირ ფორმატში გამართა. საქართველო-სლოვაკეთს შორის არსებული დიალოგის გაღრმავება, ორმხრივი ვიზიტების დინამიკა, დარგობრივი ურთიერთთანამშრომლობის განვითარება - ეს ის საკითხებია, რაზეც პრეზიდენტებმა აქცენტი გააკეთეს.

მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრაც გამართა. ქართული დელეგაციის წევრებს სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრაზე ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივაზე გამახვილდა.

შეხვედრა გაიმართა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერთანაც. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა - დარგობრივი თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალზე. ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო "თავისუფლების კარიბჭის" მემორიალი. მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკმა კოლეგამ დევინის ციხესიმაგრეც დაათვალიერებინა. ასევე, მოინახულეს ძველი ისტორიული ქალაქი და წმინდა მარტინის საკათედრო ტაძარი. ქართული დელეგაციის პატივისცემის ნიშნად კი, ბრატისლავას ციხესიმაგრეზე, მასპინძელმა ქვეყანამ საქართველოს დროშაც გამოსახა.

დღის ამბები