08 ივნისი 2026,   08:52
ვრცლად
შსს-მ 72 საათში 108 ნარკოდამნაშავე დააკავა - დანაშაულებრივ სქემაში ჩართულები იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც

300 ლარი აიღო და ხელიდან ხელში ნარკოტიკი კლიენტს გადასცა - 40 წლის ქალი ნარკოტიკულ საშუალებებს სახლიდან გაუსვლელად ყიდდა. ფარული კადრებიც მის ბინაშია გადაღებული.

ხშირად, რეალიზატორები ნარკოტიკს ქუჩაშიც ყიდდნენ, კლიენტს მალულად ავტომობილებში ხვდებოდნენ და ანგარიშსწორების შემდეგ ტერიტორიას მალევე ტოვებდნენ.

ფარული ჩანაწერები საკონტროლო შესყიდვის დროს სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით გადაიღეს და გაასაჯაროვეს. 3-წუთიან კადრებში ნარკოტიკის რეალიზაციის 15-მდე ფაქტი ჩანს, თუმცა ეს იმ მტკიცებულებების მცირე ნაწილია, რომელიც პოლიციამ ნარკოდამნაშავეების წინააღმდეგ მოიპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 72 საათში 108 ნარკოდამნაშავე დააკავა. სპეცოპერაციები ერთდროულად მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა.

"კოკაინი", "ჰეროინი", "მეთადონი", "ალფაპევეპე", "ემდეემაი", "ბუპრენორფინი" და "კლეფედრონი" პოლიციამ სახლების, ავტომობილების, დამხმარე სათავსოებისა და პირადი ჩხრეკისას ამოიღო. ამოღებულია ელექტრო სასწორებიც, წებოვანი ლენტები და ჩამკეტები, ასევე დიდი ოდენობით თანხა.

ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართულები იყვნენ ქალებიც და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

უცხო ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებას აპირებდა. ახალგაზრდა მამაკაცმა მხოლოდ დაფასოებული ნარკოტიკის დადება და ნივთმტკიცებისთვის ფოტოების გადაღება მოასწრო, გაყიდვაში კი ხელი სამართალდამცველებმა შეუშალეს. პოლიციამ "მეთადონის", "მეფედრონის", "ემდეემაისა" და "კეტამინის" 600 სამალავი იმერეთისა და აჭარის ტერიტორიაზე იპოვა.

დაკავებულების უმეტესობა ირწმუნება, რომ ნარკოტიკს მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის იყენებდნენ და რეალიზაციას უარყოფენ.

აღიარებენ თუ არა დანაშაულს, სავარაუდოდ, სასამართლო განხილვების დროს გახდება ცნობილი. დღეს გენერალურმა პროკურატურამ 108 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. დღის ბოლოს საგამოძიებო უწყებაში ნარკოდანაშაულზე განცხადებაც გაკეთდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულების უმეტესობა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრია და ნარკორეალიზაციაში აქტიურად მონაწილეობდა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც უცხოეთიდან ნარკოტიკით სავსე შენიღბული ამანათი უნდა მიეღოთ, თუმცა ისინი პოლიციამ დანაშაულის ფაქტზე აიყვანა. 108 დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები