New York Post-თან სატელეფონო ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ჰორმუზის სრუტე "ავტომატურად გაიხსნება“ მას შემდეგ, რაც აშშ იქიდან გავა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC NEWS-ი ავრცელებს.
"ჩვენ იქ დიდხანს არ დავრჩებით. ახლა უბრალოდ ვანადგურებთ მათ, ეს სრული განადგურებაა“, - განაცხადა ტრამპმა.
მედიის ინფორმაციით, როდესაც ტრამპს Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე დაუსვეს კითხვა, რომ ის ომის დასრულებას ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე განიხილავდა, მან პასუხის გაცემას თავი აარიდა.
"გულწრფელად რომ ვთქვა, ამაზე არ ვფიქრობ. ჩემი ერთადერთი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მათ არ ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. მათ ის არ ექნებათ. როგორც კი სრუტეს დავტოვებთ, ის ავტომატურად გაიხსნება“, - აღნიშნა ტრამპმა.
მედიის ინფორმაციით, ტრამპი სრუტის გახსნის პასუხისმგებლობის გადატანას სხვა ქვეყნებზეც ცდილობდა.
„ვფიქრობ, ის ავტომატურად გაიხსნება, მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთია: მე ეს ქვეყანა გავანადგურე. მათ ძალა ამოეწურათ, ამიტომ სრუტის მომხმარებლებმა გახსნან ის... რადგან ვფიქრობ, რომ ისინი, ვინც ნავთობს აკონტროლებს, ძალიან ბედნიერები იქნებიან ჰორმუზის სრუტის გახსნით“, - თქვა ტრამპმა.