10 აგვისტო 2026,   09:26
ვრცლად
1 წლით და 6 თვით პატიმრობა - მიუხედავად იმისა, რომ ელენე ხოშტარია კანონთან ხშირად არის კონფლიქტში და არაერთ საქმეშია ბრალდებული, ოპოზიციაში მაინც ამტკიცებენ, რომ ის პოლიტიკური მიზეზით ზის

სისხლის სამართლის დამნაშავეების გმირებად და კანონდამრღვევების პოლიტპატიმრებად წარმოჩენა მმართველი გუნდისთვის იმ სცენარის ნაწილია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ქვეყნის შიგნით მყოფი ოპოზიციისთვის იწერება. როცა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი უარს ამბობს ჯარიმების გადახდაზე, გირაოს სანაცვლოდ, ციხის დატოვებაზე, არც დანაშაულს აღიარებს და არც სასამართლოს ობიექტურობას - "ქართული ოცნებისთვის" ნათელია, რომ ყველა ეს ნაბიჯი კონკრეტულ მიზანს ემსახურება - ოპოზიციას მუდმივად ჰყავდეს ციხეში ის, ვისზეც გარე აქტორები რეზოლუციებს მოამზადებენ.

16-ჯერ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი ელენე ხოშტარია თბილისის საქალაქო სასამართლომ სხვისი ნივთის დაზიანებისთვის სისხლის სამართლის დამნაშავედაც ცნო. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს, მოსამართლემ განმარტა, რომ ოპოზიციონერი ლიდერის მიმართ შემამსუბუქებელი გარემოება არ არსებობს, რადგან მას წარსულში დაკისრებული არცერთი ჯარიმა და არც 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო არ გადაუხდია.

"დროას" ლიდერს ბრალი საბოტაჟის, აღნიშნული საქმიანობისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზეც აქვს წარდგენილი. გამოძიებამ დაადგინა, რომ, 2024 წლის არჩევნების შემდგომ, სწორედ ელენე ხოშტარია უწყობდა ხელს ქუჩაში პროცესების რადიკალიზაციას - დემონსტრანტებს პიროტექნიკით, ლაზერებით და სხვა საშუალებებით ამარაგებდა, რომლებსაც აქციის მონაწილეები სამართალდამცველების წინააღმდეგ იყენებდნენ. "დროას" ოფისის ჩხრეკის დროს, პოლიციამ არაერთი ასეთი ნივთმტკიცებულება ამოიღო, ფაქტები არც თავად ელენე ხოშტარიას დაუმალავს.

ელენე ხოშტარიას განცხადებებს იხსენებენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ მძიმე კრიმინალური ისტორიის მქონე პოლიტიკოსს ახლა პოლიტპატიმრის მანტიის მორგება სურს.

მიუხედავად იმისა, რომ ელენე ხოშტარია კანონთან ხშირად არის კონფლიქტში და არაერთ საქმეშია ბრალდებული, ოპოზიციაში მაინც ამტკიცებენ, რომ "დროას" ლიდერი ციხეში არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მიზეზით ზის.

ძალადობის წახალისება, რევოლუციის მოწყობის მცდელობა, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ელენე ხოშტარიას კანონი არაერთხელ დაურღვევია, მათ შორის მაშინაც, როცა დანაშაულს დანაშაული დაუმატა და გირაოს გადახდაზე უარი თქვა. სახელისუფლებო პარტიიდან დღეს ოპონენტებს უთხრეს, რომ ფსევდო პოლიტპატიმრების შექმნის მცდელობა მარცხისთვისაა განწირული.

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლს ედავებოდა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. "დროას" ლიდერს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

 

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები