03 აგვისტო 2026,   16:54
ვრცლად
"ნათლადაა წარმოდგენილი შეთანხმება ბრალდებულებს შორის, რომ გაავრცელონ მცდარი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ" - პროკურორი

საბოტაჟის ბრალდებით ელენე ხოშტარიას და კიდევ 7 პოლიტიკოსის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი გაიმართა, რომელიც დახურულ რეჟიმში წარიმართა. სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს.

"დაიკითხება არაერთი პირი, რომლებიც უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ადგილზე იმყოფებოდნენ და ფლობენ ინფორმაციას ბრალდებულთა ქმედების შესახებ. ვესაუბრეთ სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოვიკვლევთ ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ნათლად არის წარმოდგენილი, თუ რა ტიპის მოწოდებებს ახორციელებდნენ ბრალდებულები, ასევე დანაშაულის ადგილზე.

ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან ფარულ საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე, რომელშიც ნათლადაა წარმოდგენილი შეთანხმება კონკრეტულ ბრალდებულებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ გაავრცელონ მცდარი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ. ვისაუბრეთ იმ ნივთმტკიცებულებებზე და სხვა საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული საქმის განხილვისას, როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულება.

ასევე, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განხილულ იქნა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის გახსნასთან დაკავშირებით, რაც არ დაკმაყოფილდა," - აცხადებს საქმის პროკურორი ანა ხუბეჯაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება რამდენიმე მუხლით წარუდგინა, რაც საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

დღის ამბები