გაზაფხულის გრძელი ნათელი დღეები და ღამეები... სიკვდილისა და მარადიული სიცოცხლის გზაგასაყარზე, მდუმარებაში და ღირსეულად. ისეთ საქართველოში,პ ატრიარქს რომ უნდოდა. ისეთში, სადაც ღმერთი სიყვარულია.
დაიტირა ყველამ - დიდებმა, პატარებმა, მოხუცებმა, შვილმკვდარმა დედებმა, ჯარისკაცებმა, ნათლულებმა, მათ ვისაც ოდესღაც ხელი გაუწოდა, გადაარჩინა და მათაც, ვისთვისაც ბოლო იმედი იყო.
მივიდა ყველა, ვისაც როგორ შეეძლო, საერთოდაც რომ არ შეეძლო პატრიარქის ჭირისუფალი საქართველო - ელიას მთაზე ერთმანეთის დახმარების იმედით მხარდამხარ მოთმინებით.
პატრიარქი გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე დედა ბარბარემ ნახა, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებშიც თავის ქვეყანაზე მოფიქრალი მოხუცი.
ერის სულიერი მამა, მილიონობით ქართველისთვის ნუგეშად რომ იქცა. წერდა ლოცვებს და თავადაც გამუდმებით ლოცულობდა, გულმხურვალედ.
ილია მეორის სიტყვა და ავტორიტეტი მთელ ეპოქას განსაზღვრავს. იმ მოხევე კაცის, საუკუნის წინ გიორგი და ნატალია შიოლაშვილების ოჯახში რომ დაიბადა და მეფე ერეკლეს პატივსაცემად ირაკლი რომ დაარქვეს. ღმერთის სიყვარულს მშობლები ბავშვობიდან უნერგავდნენ. ჩემი ოქრო -ასე იხსენებდა ხოლმე პატრიარქი დედას. სკოლა ვლადიკავკაზში დაამთავრა. ბერად 24 წლის აღიკვეცა.
ბუნება ბავშვობიდან უყვარდა. მონატრებული ყაზბეგიც, სადაც იზრდებოდა, პატრიარქის ზამთრის ბაღში მარადიულად ცოცხლობდა. მდუმარებასა და მარხვაში, მცენარეებისა და ფრინველების გვერდით. იქ, სადაც საგალობლებს წერდა და სადაც კლასიკური მუსიკას უსმენდა- მოცარტსა და ფალიაშვილს გამორჩეულად .
ცხოვრობდა სიონთან ახლოს, იმ ტაძართან, სადაც იწყება, ნახევარსაუკუნოვანი გზა ირაკლიდან ილიამდე. ეპისკოპოსის მანტიიდან პატრიარქის მიტრამდე. რთულ დროში. საეკლესიო კარჩაკეტილობაში, ჩაბნელებულ ტაძრებში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში ათეიზმი იყო გაბატონებული და ადამიანები ტაძრებშიც ფარულად დადიოდნენ. სახარებაც რომ არ იშოვებოდა და პირჯვრის წერასაც რომ ერიდებოდნენ. ხალხს ბუნდოვნად თუ ახსოვდა საეკლესიო დღესასწაულები და რიტუალები - ნათლობა, სანთლის დანთება.
ერის სულიერი გადარჩენის გზაც ამ წუთიდან იწყება. მას შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების დღე მართლმადიდებელმა ეკლესიამ ორმოცდარვაჯერ იზეიმა. როცა პატრიარქი გახდა, ერთი სტიქაროსანიც კი არ ჰყავდა, რომელიც მსახურების დროს დაეხმარებოდა.
ირაკლი ქადაგიშვილი ერთ-ერთია, ვინც პატრიარქმა იმ დროში სტიქარით შემოსა.
დრო გადიოდა, ეკლესიას კი მრევლი დღითიდღე ემატება, შენდებოდა ახალი ტაძრები. დაიბეჭდა სახარება, იქმნება საეკლესიო ლიტერატურა. მაშინ მედავითნეებიც და მგალობლებიც თითზე ჩამოსათვლელები იყვნენ. ლევან აბაშიძე იმ დროს მეორე კურსის სტუდენტი იყო, პატრიარქთან ურთიერთობამ კი მოგვიანებით სასულიერო აკადემიაში ჩაბარება გადააწყვეტინა.
1990 წელს უწმინდესისა და უნეტარესის რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ისტორიული სამართლიანობა აღდგა და ქართულმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის აღიარების სიგელი მიიღო. მირონი კვლავ საქართველოში ეკურთხა.
პატრიარქის ლოცვა- კურთხევით აღდგა ხატწერის ტრადიციაც. თავადაც ხატავდა, უყვარდა თამარ მეფის დახატვა.
იმ წლებში დაწესდა საეკლესიო დღესასწაულებიც, ილია მეორემ მრევლს გამოატარა წმინდა ნინოსა და ანდრია პირველწოდებულის გზა.
ეს ის დროა, როცა ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა იწყება. ახალგაზრდები ეროვნული იდენტობისთვის ბრძოლის გზას და თავშესაფარს უკვე ეკლესიის წიაღში ხედავენ. მათ შორის, ვაჟა ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილიც.
ვაჟა - ფშაველასთან იმაზე მეტ კავშირს ხედავდა, ვიდრე მისი სულიერი სამყარო და შემოქმედება იყო, ნათესაურ კავშირს, რაც ძალიან ეამაყებოდა. ლელა რაზიკაშვილს ბიძაშვილსაც ეძახდა.
საქართველოს საგანძურის მცველი და გადამრჩენელიც იყო. ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი დავით ლორთქიფანიძე უწმინდესის სვანეთში მოგზაურობას იხსენებს.
იყო საერო ცხოვრების პატრიარქიც და ყოველთვის იქ, სადაც ქვეყანას გაუჭირდებოდა. 9 აპრილს, ილია მეორე მომიტინგეებთან მივა და ქაშვეთში სალოცავად გადასვლას სთხოვს, მას არ დაუჯერებენ. აფხაზეთში, როცა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფურცელი 13 დღესა და 13 თვეში დაიწერება, აგვისტოს ომში, როცა კონფლიქტის ზონაში შევა და დაღუპულ მეომრებს გამოიყვანს.
გიორგი ალიბეგაშვილი პატრიარქს ხშირად სტუმრობდა, თან ემოციური თან დინჯი, თან ბრძენი, თან გულუხვი, იუმორის გრძნობით- ასე ახასიათებს მას. ეკლესიაში ცვლილებებს თან ახლდა სახელმწიფოს ტრანსფორმაციაც, რაშიც დიდი წვლილი პატრიარქის გადაწყვეტილებებმა შეიტანა.
ფოკაში, 1989 წელს, სადაც ქართული სიტყვა აღარ ისმოდა, სახლი იყიდა. ამოეწერა თბილისიდან და ფოკის მოქალაქე გამხდარა, სახლიც გაუფორმებია. მალევე დედებიც შეურჩევია საზღვრის მეციხოვნეებად. დღეს ფოკაში საქართველოა
სხვებს გაჭირვებულების სიყვარულს ასწავლიდა და სხვებთან თავადაც ასეთი იყო.ქრისტესშობას პატარებს ფანჯრებთან სანთლების დანთება ასწავლა, თვითონ კი მნათედ იქცა იმ ბავშვებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებიდან რომ ნათლავდა.
პატრიარქის მოღვაწეობის გვირგვინი სამების საკათედრო ტაძარია. უწმინდესის ლოცვა- კურთხევით, თითო აგური მახათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში მთელმა საქართველომ დადო.
რელიგიური მოღვაწე იყო, მაგრამ უყვარდა არა მხოლოდ მის მრევლს, არამედ სხვა რწმენისა და აღმსარებლობის წარმომადგენლებსაც. დღეს პატრიარქის ჭირისუფალი სხვადასხვა კონფესიის ადამიანია.
ილია მეორე სანამ პატრიარქი გახდებოდა თანამოსაყდრე იყო. უწმინდესმა თავის თანამოსაყდრედ კი მეუფე შიო შეარჩია, მათი გზები 1988 წელს გადაიკვეთა, მაშინ შიო მუჯირი მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა.
იქ დაასრულა, საიდანაც დაიწყო. სურდა, რომ სიონის ტაძარში დაკრძალულიყო. ეს ისტორიული კადრებიც კურიერი პიესის კამერამ გადაიღო.
ილია მეორე იყო კაცი, ხევის ხასიათით... ასე განვლო ისტორიულო გზა მარტომ თუ ქვეყნის ჭირ-ვარამთან ერთად , სიმშვიდეში თუ ქარტეხილებით. ბოლო წლებში ჯანმრთელობაც შეერყა და დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირდა, მაგრამ ღრმად მოხუცებულობაშიც კი ქვეყნის სულიერი ერთობის მთავარი სიმბოლო იყო.
ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის სულიერი ლიდერის სიტყვა რთულ დროს იმედად იქცეოდა, მისი ქადაგებები — ქრისტეს გზის მაჩვენებლად. საქართველოს გადასარჩენად მუდამ ქართველების მხარდამხარ იბრძოდა, მადლიერება სულიერმა შვილებმა ასე მხარდამხარ დგომით, ცრემლებით და უთქმელი სევდით გამოხატეს.