ილია მეორე მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებულად დიდი მწყემსია, კეთილი მწყემსი, - ამის შესახებ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ "კავკასიის მედიცინის ცენტრიდან" გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
"ვიყავი კლინიკაში, ვინაიდან იყო ნიშანი, რომ ქრისტე არის დღეს აქ. ამ დღეებში ჩვენ შეგვიძლია, ვილოცოთ ერთად, სულიერად ერთად. მე, 31 წელია, საქართველოში ვარ და ამ 31 წლის განმავლობაში მქონდა კავშირი მასთან, შემიძლია ვთქვა, ზოგჯერ შვილური კავშირიც. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა უნდა დავეხმაროთ მას ჩვენი ლოცვით," - განაცხადა პაზოტომ.
ეპისკოპოსი დაესწრო პატრიარქისათვის აღვლენილ ლოცვას, ილოცა მისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უფლის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება.
ცნობსითვის, 17 მარტს, ღამით, "კუჭიდან მასიური სისხლდენით" კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კლინიკაში გადაიყვანეს. ის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია, სადაც აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის მაჩვენებლები "არასტაბილური და საყურადღებოა".