“მე მოგმართავთ ყველა დელეგატს: ნუ მოგერიდებათ! თუ გყავთ სხვა კანდიდატი, თქვენ შეგიძლიათ გადაშალოთ ის სახელი, რომელიც წერია (იგულისხმება ილია შიოლაშვილი) და დააწეროთ სხვა. თქვენ ამაში არ ხართ შეზღუდული. სამანდატო კომისიას ვთხოვთ, რომ ჩაატარონ ფარული კენჭისყრა.” - ილია II
1977 წელი, 23 დეკემბერი - საღამოს 19 საათზე წმინდა სინოდი საგანგებოდ შეიკრიბა. გარდაიცვალა პატრიარქი დავით მეხუთე დევდარიანი. მოსაყდრე მას დასახელებული არ ჰყავდა. წმინდა სინოდს უნდა გადაეწყვიტა, ვინ გახდებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.
“კანდიდატურა იყო ილია შიოლაშვილის. მაშინ იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. კანდიდატურა ერთხმად წამოსული არ ყოფილა. იყო ჭოჭმანი სამღვდელო პირებში. მათი ნაწილი სწორად არ ფიქრობდა.” - როინ მეტრეველი.
სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მეთორმეტე ადგილობრივ კრებაზე იწყება ფარული კენჭისყრა. მიტროპოლიტ ილიას ირჩევენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. მას ილია II ეწოდა.
ილია შიოლაშვილი პატრიარქის ტახტზე 43 წლის ასაკში ადის. პატრიარქად არჩევიდან ორ დღეში სვეტიცხოვლის ტაძარში ილია მეორის აღსაყდრება უნდა შესრულებულიყო. ყველას უნდოდა ამ პროცესს დასწრებოდა. წინასწარ სულ ათეულობით საშვი დაბეჭდეს.
“მე მაშინ მეათე კლასელი ვიყავი. კარგად მახსოვს, 25 დეკემბერს, 1977 წელს, სვეტიცხოველში მისი ინტრონიზაცია. მე არ მქონდა საშვი, ისე როგორც ბევრ სხვას, თუმცა იქ ვიყავით ახლოს, სვეტიცხოვლის მიმდებარედ. მახსოვს, უეცრად ხალხის ტალღა მოგვაწვა, შევედით ტაძარში და ჩვენ თვალწინ მოხდა ილიას ინტრონიზაცია” - დეკანოზი რევაზ სიხარულიძე.
როდესაც ილია მეორე პატრიარქი გახდა, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად კრძალავდა რელიგიას. იხურებოდა ეკლესიები, სასულიერო პირებს აძევებდნენ მონასტრებიდან. ადამიანებს, ვისაც ღმერთის სწამდა, ლოცვა მალულად უწევდა. ილია მეორემ ეკლესიის სათავეში ჩადგომის პირველივე დღიდან ეტაპობრივად დაიწყო პრობლემების მოგვარება.
“ჩემი მოსვლისთანავე, პირველი მიზანი, რომელიც მე დავისახე, ეს იყო ერის გამთლიანება” - ილია II.
უწმინდესი დარწმუნებული იყო, რომ მოსახლეობასთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. პატრიარქმა 1978 წლიდანვე დაიწყო მოგზაურობა საქართველოში. შეხვედრები იმართებოდა ყველა რეგიონში. ხალხი პატრიარქს დიდი სიყვარულით ხვდებოდა. მრევლი ხვდებოდა, რომ დაიწყო ახალი ეპოქა.
ილია მეორის ავტორიტეტი ნელ-ნელა იზრდებოდა. იზრდებოდა ეკლესიაში მისული მრევლის რიცხვიც. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები. უწმინდესს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ახალ თაობასთან. ილია მეორე წირვის დასრულების შემდეგ, სიონის ტაძარში შეკრებილ მრევლს, მათ შორის ბავშვებს, თავისივე ხელით, ფურცელზე დაწერილ მამა ჩვენოს ლოცვას აძლევდა.
“პატრიარქმა შემომთავაზა სტიქრის ჩაცმა. მითხრა, ორშაბათს მოდი 7 საათზე, გასწავლით ყველაფერს. წარმოიდგინეთ, უწმინდესი თვითონ გვასწავლიდა, სტიქარი ასე უნდა აკურთხო, ხელზე ემთხვიო… ანუ ყველაფერს თვითონ გვასწავლიდა” - დეკანოზი რევაზ სიხარულიძე.
ხალხის ეკლესიისადმი ინტერესი ხელისუფლებას აღიზიანებდა. კომუნისტი მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რომ ადამიანებში რწმენა მოეკლა. თუმცა, ახალგაზრდების შეკავება ხელისუფლებას უკვე გაუჭირდა. ილია II მტკიცე იყო ეპარქიების აღორძინების და ახალი მღვდელმთავრების კურთხევის საქმეში, ამიტომ ის არ ითვალისწინებდა ოფიციალური ხელისუფლების ე.წ. რეკომენდაციებს.
“მახსოვს, ალავერდობაზე, პატრიარქი მიდიოდა წირვის ჩასატარებლად. მთავრობამ კი შლაგბაუმი გადაკეტა და უფლებას არ აძლევდნენ წირვა ჩაეტარებინა. ჩვენ ძალიან ბევრნი ვიყავით, სტიქაროსნები, მრევლი. მივედით, ეს შლაგბაუმი ამოვიღეთ და გვერდხზე გადავდეთ. მთავრობა მიხვდა, რომ ძალა ჩვენში იყო…” დეკანოზი რევაზ სიხარულიძე.
ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. ილია მეორე ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდიდა ეკლესიის ავტორიტეტს. პატრიარქი კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე იყო. პრაქტიკულად, არცერთი ქვეყანა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას არ ცნობდა. ილია მეორემ დაიწყო ინტენსიური მოლაპარაკებები მსოფლიო პატრიარქთან. ილია მეორე რამდენჯერმე გაემგზავრა საქართველოს ფარგლებს გარეთ შეხვედრებისთვის.
რამდენიმეწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, ქართულმა ეკლესიამ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის აღიარების სიგელი მიიღო.
ამის პარალელურად, ილია მეორე ცდილობდა აღედგინა საუკუნოვანი ეკლესია მონასტრები. მრევლის დახმარებით, შენდებოდა ახალი ტაძრები. მძიმე 90-იან წლებში ეკლესია ბევრი ადამიანისთვის იმედის მომცემი იყო. ჯერ კიდევ 1989 წელს, პატრიარქს გაუჩნდა იდეა, საქართველოს დედაქალაქში აშენებულიყო ყველაზე დიდი ტაძარი, რომელიც იქნებოდა თანამედროვე ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელშიც ქართული ეკლესიათმშენებლობის დღემდე არსებული ყველა ტრადიცია იქნებოდა დაცული.
შეირჩა ელიას გორა. 1995 წელს ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. 9 წლიანი მშენებლობის შემდეგ კი საქართველოს კიდევ ერთი ტაძარი შეემატა. სამების საპატრიარქო ტაძარში გამართულ პირველ წირვაზე ათასობით ადამიანი მივიდა.
აჟღერდა გალობა. ტაძარში შეკრებილი მრევლი ერთხმად გალობდა. ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში დააბრუნა ქართული საგალობლები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახებოდა.
“უწმინდესი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ მე არ ვარ კომპოზიტორიო, მე მხოლოდ ვქმნი მუსიკას, როგორც შემიძლია, რომ ადამიანებს გავუადვილო ღმერთისკენ სვლაო - და ეს მართლაც ასეა. პატრიარქის საგალობლები გამოირჩევა დიდი სინათლით და გულში ჩამწვდომი მელოდიურობით და ჰარმონიით.” - სვიმონ ჯანგულაშვილი - სამების მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი.
პატრიარქის საგალობლებს შორის არის "დავიღალე უფალო", საგალობელი, რომელიც ილია მეორემ თბილისის ერთ-ერთ ტაძარში დაწერა. ზუსტად მაშინ, როდესაც ეკლესია განსაცდელში იყო.
ცხინვალის სოფლებში ჩავიდა ილია მეორე 2008 წლის აგვისტოში. სწორედ სასულიერო პირების მეშვეობით მოხერხდა დაღუპული სამხედროების გადმოსვენება, რაზეც ოკუპანტი ხელისუფლება უარს აცხადებდა.
როდესაც ილია მეორე პატრიარქი გახდა, საქართველოში 50 ეკლესია ფუნქციონირებდა, წირვა ლოცვას რამდენიმე ათეული სასულიერო პირი აღავლენდა. დღეს ღვთისმსახურება 2 000-ზე მეტ ეკლესიაში სრულდება, მოქმედებს 46 ეპარქია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბოლო წლებში, პატრიარქი სისტემატურად ვეღარ ახერხებდა წირვის ჩატარებას. მის ქადაგებებს მრევლი, ყოველთვის განსაკუთრებულად ელოდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II - 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.