"პარაგრაფ თბილისში", სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ინდექსის შექმნა, რომელიც პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით იძლევა ნათელ სურათს სოფლის მეურნეობის სფეროში სად არის პროგრესი და სადაა საჭირო მეტი მუშაობა.
მისივე თქმით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის გაფართოება და ბაზრების დივერსიფიკაცია.
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის, დავით სონღულაშვილის თქმით, იწყებენ უმნიშვნელოვანეს რეფორმას სოფლის განვითარების სააგენტოს საქმიანობის კარდინალური ცვლილებებით.
"წლიდან წლამდე, სოფლის მეურნეობის სექტორი სტაბილურად ვითარდება. ეს მაჩვენებელი იმ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფლის ეკონომიკის გაძლიერებას და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ემსახურება. სწორედ ამიტომ, აგრარული დარგის მხარდაჭერა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაფართოვდა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, განვითარდა გადამამუშავებელი და სამაცივრე ინფრასტრუქტურა, გაიზარდა ინვესტიციების სექტორი. პროდუქტიულობის ზრდა შეუძლებელია ტექნოლოგიების და შესაბამისი ცოდნის გარეშე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბიზნესის უფრო აქტიურ ჩართულობას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და წარმოების ეფექტიანობას. ვიწყებთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას სოფლის განვითარების სააგენტოს საქმიანობის კარდინალური ცვლილებებით. აპრილის თვიდან, ჩვენი ფერმერებისათვის და დაინტერესებული პირებისათვის გამოცხადდება სასოფლო-სამეურნეო პროგრამების თვისობრივად ახალი მიმართულებები. ჩვენი მიზანია ქართული პროდუქტი კონკურენტუნარიანი გახდეს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.