ნათელა გრიგალაშვილის ფოტოაპარატში ათასობით ამბავი ცხოვრობს.
ამბავი დუხობორ ქალზე ნაკეცებიანი ჭრელი კაბით, ბიჭზე, რომელიც ძროხებს მწყემსავს. ნისლში გახვეულ სოფელზე, თივაზე გადმომდგარ აჭარელ ქალზე. ერთი გაელვების ფოტოებზე.
ამ არაერთი გაჩერებული წამის მემატიანე ნათელა გრიგალაშვილია, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია ქვეყნის ფოტო მეხსიერებას ქმნის.
ნათელა გრიგალაშვილი: ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, ახალი ამბების და ახალი ადამიანების აღმოჩენა მსიამოვნებს. ეს ერთგვარი მოგზაურობაა ჩემთვის.
მთავარია ადგილი შეარჩიოს, თორემ ხელს არც ველური ბუნება, არც წვიმა და არც ქარი უშლის. სოფლის ყველა კუთხეს ფეხით მოვლის და როცა საინტერესო ადგილს დაინახავს, მერე შემოქმედებითი პროცესიც იწყება. შესაძლოა, ხანგრძლივიც, იმის მიხედვით ადგილი რამდენად საინტერესო და მრავალფეროვანია.
ერთხელაც, ნათელა გრიგალაშვილის ფოტოობიექტივი კურიერი პ.ს. ის ობიექტივში მოხვდა. ექსპერიმენტი სამცხე-ჯავახეთში დავიწყეთ, ტაბაწყურის ნახევარკუნძულზე წავედით. თოვდა და ეს სითეთრე იქაურობას კიდევ უფრო საინტერესოსა და მისტიკურს ხდიდა.
ნათელა გრიგალაშვილი: საინტერესოა სოფლის ცხოვრება ჩემთვის. შემოდიხარ სოფელში და ერთი შეხედვით თითქოს არც არაფერი ხდება, ძალიან მოსაწყენია გარემო, მაგრამ ჩემთვის ძალიან ფოტოგრაფიულია. რაც უფრო დიდხანს ხარ ამ გარემოში, უფრო მეტს აღმოაჩენ. აქ ადამიანები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ. ჩვეულებრივ იმ ცხოვრებით, როგორც დიდ ქალაქებშია, უბრალოდ გარემოა განსხვავებული. ქალაქი თითქოს უფრო პოდიუმივით არის.
დროდადრო იღებდა ავტომობილის ფანჯრიდანაც. როცა სოფელში შევედით, ადგილობრივებთან საუბარი დაიწყო. ეკითხებოდა როგორ ცხოვრობდნენ და რას საქმიანობდნენ. ასე, ამ მარტივი კომუნიკაციით თითქოს მათიანი ხდებოდა, მათი ყოფის ნაწილი, ფოტოს გადაღებისას კი შეუმჩნეველი. ასე იქმნება ფოტოსურათი, რომელიც გასაოცრად ნამდვილია - ადამიანების სოციალური გარემოს გადმომცემი. თითქოს იქაურობის სუნსაც კი გრძნობ, სიცივეს, სითბოს, შენც ამ ფერებსა და ნისლში იკარგები.
გზად მეთევზეები შემოგხვდნენ, ეს აქ ამ ულამაზეს ნახევარკუნძულზე მცხოვრები ადამიანების ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა. ადგილობრივები თავსაც თევზაობით ირჩენენ და ოჯახსაც ამით არჩენენ. სოფელში რომ შევედით ექიმი სუსანაც ვნახეთ, რომელიც ნათელა გრიგალაშვილის ფოტოაპარატმა მაშინვე აღბეჭდა. ფოტოგრაფთან ერთად ჩვენც ყავის დასალევად შეგვიპატიჟა და არც ისტორიები დაიშურა.
სტუმრებს საოჯახო ფოტოალბომიც დაგვათვალიერებინა.
ნათელა გრიგალაშვილი სანამ ფოტოების გადაღებას დაიწყებს, თავდაპირველად იმ ოჯახებში შედის, ვის გადაღებასაც აპირებს. ეცნობა მათ ადათ-წესებს, ხასიათებს. ესაუბრება. მათ ცხოვრებას უსმენს.სუსანა ექიმიც მის ობიექტივში ისეთივე ნამდვილია როგორც ცხოვრებაში, თავისი ტკივილებითა და ბედნიერებით. ეს მეთევზე კაციც, ტბასთან ახლოს რომ ცხოვრობს და რომელსაც ასე შემთხვევით გადავეყარეთ. ასე ამ სოფელში მცხოვრები ამ ერთი კაცის ფოტოკადრიც ისტორიას დარჩა.
თვითნასწავლი ფოტოგრაფია. კამერაც სულ პირველად მეგობრებმა აჩუქეს. მაშინ 15 მანეთი ღირდა. ფოტოებს ფირზე იღებდა და შემდეგ ამუშავებდა. 21-ე საუკუნემ ბევრი რამ შეცვალა ფოტოგრაფიაში, მაგრამ უცვლელია ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები, მათი სიღრმე, სათქმელი და ხელწერა.
ნათელა გრიგალაშვილი: ვერც გრძნობ დროს, იმდენად მიმზიდველია ეს საქმე, მაგიური. ყველა სხვა საქმიანობისგან განსხვავებულია. ყველას შეუძლია გადაიღოს ფოტო, მაგრამ არიან ფოტოგრაფები, რომლებიც გამოირჩევიან იმით, რომ მათი ფოტოებიდან მოდის ძალიან დიდი ემოცია, რომელიც ჩვენზე, მნახველებზე მოქმედებს.მე არ მიფიქრია, რას იტყვიან 50 წლის მერე, 100 წლის მერე საერთოდ დარჩება თუ არა ჩემი ფოტოები, მაგრამ მინდა, რომ ძალიან ბევრი ფოტო გადავიღო. მინდა, მართლა ნახონ 50 წლის მერე და გაიგონ როგორი იყო დღევანდელი საქართველო, ჩემი თვალით დანახული. ფოტოგრაფიას აქვს ძალიან დიდი როლი ისტორიის შემონახვის. ეს ფოტოები, უბრალო საოჯახო ფოტოები ძალიან ბევრს გვიყვება იმ ეპოქაზე, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. საქართველო არის, ძალიან ფოტოგრაფიული ქვეყანა.
განსაკუთრებულად უყვარს თავის სოფელში ჩასვლა და იქ გადაღება. ხშირად ნაცრისფერი კადრებია, ემოციაც ნაცრისფერი, ისტორიაც ცრემლის მომგვრელი, ფოტოებიდან ყველაფრის ამოკითხვა შეიძლება. უფრო მეტად იქ უყვარს შესვლა, სადაც ადვილად არ მიიღებენ, იცის როგორ დაითანხმოს გადაღებაზე ადამიანი. ამბობს, რომ ფოტო ყველაზე კარგად ინახავს ისტორიას, თავადაც ხომ ამ ისტორიის მცველია.
21- ეს საუკუნეში, მაშინ როცა ყველას შეუძლია ფოტოს გადაღება, როგორ უნდა გადავიღოთ ისე, რომ ყველასთვის დასამახსოვრებელი გახდეს, ნათელა გრიგალაშვილმა მასტერკლასი ჩვენც ჩაგვიტარა.ისიც გვითხრა, რომ ამ დროს განათება ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ უმთავრესი მაინც ის ემოციაა, რომელსაც ადამიანებში ხედავს.
ყველა ფოტო ერთნაირად უყვარს, გამორჩევაც კი გაუჭირდა, ვერც ის გვითხრა როგორ უნდა ჩვენს მეხსიერებაში დარჩეს.
ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები თბილისის ქუჩებში ამ სატრანსპორტო ხმაურშიც გამოჩნდა. შეუძლებელია, ამ ბილბორდებმა თქვენი ყურადღება არ მიიპყროს. პროექტი - თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება.
30 წელზე მეტია, რაც ფოტოგრაფია. ეს პროფესია რომ არ აერჩია, კინოოპერატორობა უნდოდა, მერე მიხვდა, რომ ფოტოგრაფია არანაკლებ საინტერესო დოკუმენტალისტიკაა.
კინემატოგრაფიაში რომც ყოფილიყო, მაინც საქართველოს ულამაზესი კუთხეების სურათხატებს შექმნიდა.