დაახლოებით, 3 საათს გაგრძელდა გივი თარგამაძის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. თარგამაძე უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.
უწყებას მასთან კითხვები ჰქონდა მის საჯარო განცხადებებზე ირანთან დაკავშირებით. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, თარგამაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"მოლოდინი არანაირი არ მაქვს. კითხვების ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში, ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას. ყველაფერი მქონდა ღია წყაროებიდან, მათაც აქვთ, ყველას აქვს და საჭიროა, შესაბამისი მუშაობა ამ ფაქტებზე, რომ ეს არ გაგრძელდეს," - აცხადებს გივი თარგამაძე.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ამავე საქმეზე მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ გიორგი კანდელაკი, თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე. სუს-ში იმყოფებოდნენ ვახტანგ კაპანაძე და გია ხუხაშვილიც.
ავტორი: ნანა გოგატაძე