12 აგვისტო 2026,   02:20
ვრცლად
საუკუნის წინ გურიიდან ამერიკაში წასული ქართველი ცხენოსნები, მათი სარისკო ილეთები და ნამდვილ შოუდ ქცეული უშიშარი გამოსვლები, რომელმაც ამერიკელი მაყურებელი აღაფრთოვანა

გურულ ცხენოსან ბებიაზე მხოლოდ მოგონებები შემორჩა... ქართველ ქალზე, რომელიც საუკუნის წინ ამერიკაში გაემგზავრა და, უშიშარი და სარისკო სანახაობით, ოკეანისპირეთი, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტიც კი გააოცა. ქრისტინე ცინცაძე-ნოდიამ მაშინაც კი არ შეწყვიტა ჯირითი, როცა ცხენიდან გადმოვარდა და სახე იტკინა. ვაჟკაცური საქციელისთვის, შოუს მეპატრონემ ქრისტინე ძვირფასი სამოსით, ოქროს საათითა და ბეჭდით დააჯილდოვა.

ისინი ბათუმში ჩამოსულმა ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბუფალო ბილის წარმომადგენელმა, იმპრესარიო თომას ოლივერმა აღმოაჩინა. ერთი ჩიბათელი კაცის, კირილე ჯორბენაძის წყალობით, გურიაში ცხენოსანთა 10 – კაციანი გუნდი შეკრიბა და ამერიკაში ჩაიყვანა. ქართველმა მხედრებმა ჯერ უინძორების დედოფალი ვიქტორია, მოგვიანებით კი ამერიკის პრეზიდენტი გადარიეს.

არც ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ და არც ინგლისური იცოდნენ, მაგრამ ინდიელები და მექსიკელებიც კი დაჯაბნეს. გურულების შოუს აუცილებელი ატრიბუტი იყო ცეკვები, სიმღერა, იარაღი და ტანისამოსი. ქართველმა მხედრებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ადგილობრივ კოვბოებზეც. ლანჩხუთელი ბართლომე მშვიდობაძე ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ფოტო მანჰეტენზე, სკოლის კედელზე გამოსახავდნენ. ამ ამბავს მისი შთამომავლები სიამაყით იხსენებენ.

ცალი ფეხის ყაბარდოული, მაკრატელა, მხარყირა და დგომი – თამამი, შეუპოვარი და უშიშარი ქართველი ქალი მხედრებისთვის ეს ილეთები რთული შესასრულებელი არ ყოფილა. ასე გაჩნდა ლეგენდები კავკასიელ ამორძალებზე, ქალებზე, რომლებიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდნენ ამერიკული შოუბიზნესის პირველ მაყურებლებზე. ყველაფერი ის, რაც გურულ მხედრებთან დაკავშირებით ისტორიას შემორჩა, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

იმ დროში, არავის გაუკვირდებოდა, რომ გურიაში კაცსა თუ ქალს ასე კარგად სცოდნოდა ცხენით ჯირითი. 1920–1917 წლებში ამერიკაში 150 მდე მხედარი წასულა. საჯირითო სეზონი მარტიდან ოქტომბრამდე გრძელდებოდა. მათი ყოველთვიური ხელფასი 40-50 დოლარს აღემატებოდა და ოჯახებსაც კი არჩენდნენ.

ამერიკულ შოუებში გამორჩეულად ჯირითობდნენ დები – მარო და ბარბარე (ბაბო) ზაქარეიშვილები. ბარბარე ამერიკაში დარჩენილა და სამშობლოში 70 წლის ასაკში დაბრუნებულა. ამერიკის გადაუხურავ ცირკ-იპოდრომებზე ჯირითით მაყურებელს მარო კვიტაიშვილიც აოცებდა. სამი გვერდებჩაკრული ცხენის ჭენება და მათზე ჯირითი დიდ ინტერესს იწვევდა. კიდევ ერთი მოჯირითე ქალი ფრიდა მგალობლიშვილი ოზურგეთიდან ყოფილა. 1894 წელს მასზე „მორნინგ ჯორნალი“ წერს, რომ ფრიდასთვის ცხენის ზურგი სკამი იყო და აკვანიც. „ნამდვილი ლედი“ სამშობლოდან თავდაპირველად პარიზში მოხვედრილა, სადაც შესანიშნავად შეუსწავლია ფრანგული, გერმანული, იტალიური და ინგლისური ენები.

მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა. ცხენოსნობით სახელგანთქმული ქართველი ქალების ტრადიციას ახლა გურიაში მათი შთამომავლები აგრძელებენ. ჰყვებიან ამბებს ძლიერ, უშიშარ და მამაც ქალებზე.

ყველაფერი კი ქვეყნის გასაბჭოებასთან ერთად დასრულდა, გურული მხედრები ჯერ ამერიკის ჯაშუშებად შერაცხეს, მერე დააპატიმრეს, ბევრმა მათგანმა საზღვარგარეთ ყოფნის დამდასტურებელი ყველა სამხილი გაანადგურა. თუმცა, შეუპოვარი ცხენოსნების სახელები, გურიის გულში რომ დაიბადნენ და გურიიდან მანჰეტენამდე მანძილი ასე რომ შეამცირეს, ეროვნულ მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩა.

დღის ამბები