გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსის განცხადებას, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. Bloomberg-თან ინტერვიუში კოსი აცხადებს, რომ უკრაინა 2027 წლისთვის ბლოკის წევრი ვერ გახდება.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ის, რასაც უკრაინას ჰპირდებოდნენ, ჩვეულებრივი ტყუილი აღმოჩნდა.
"სცენარი ყველამ წინასწარ იცოდა და ვინც ამას ჰპირდებოდა, რა თქმა უნდა, დღეს კარგად ჩანს, რომ იყვნენ ჩვეულებრივი მატყუარები. ცდილობდნენ გაბრუებას, მოტყუებას უკრაინული საზოგადოების და ამ დაპირებების საფუძველზე შესაბამისი საომარი გადაწყვეტილებების მიღების წახალისებას. დღეს ეს ყველაფერი ნათელია და, ვინც მათთან ერთად საქართველოშიც და ქართველებსაც მოუწოდებდა, რომ ჩართულიყვნენ ამ დაპირისპირებაში, იმიტომ, რომ როგორც უკრაინას, ასევე ჩვენ გვერდში დაგვიდგებოდნენ ამ პროცესში, ყველამ დაინახა, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი და ჩვენი პოლიტიკა იყო სწორი. არა ემოციებით, ამჩატებულად მიგვეღო რაღაც ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმაზომიერად და მოვემზადოთ სტრატეგიულად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუ ოდესმე ევროკავშირიც იქნება ამ ტიპის გაფართოებისთვის მზად", - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.