გურულმა ცხენოსნებმა XIX საუკუნის ბოლოს მთელი ამერიკა გადარიეს - ისე, როგორც ერთ დროს სახელოვანმა მეფემ ფარსმან ქველმა, რომელმაც ქართული მხედრობის უმაღლესი კლასით იმდენად მოხიბლა რომაელები, რომ მეფეს იტალიაში ძეგლიც კი დაუდგეს.
მსოფლიოში სახელმოხვეჭილმა მხედარმა და პოპულარულმა კოუდი ვილიამ ფრედერიკმა − ბაფალო ბილად ცნობილმა, 1893 წლიდან, ამერიკას პირველმა აჩვენა გურული მხედრობა, როგორც უცხო და უჩვეულო სანახაობა. იმ დროში, ალბათ, არც არავის გაუკვირდებოდა, რომ გურიაში კაცსა თუ ქალს ასე კარგად სცოდნოდა ცხენით ჯირითი. მხედრული უნარ-ჩვევების გამომუშავება, მეტწილად ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი ეს იყო დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სპორტულ-საცხენოსნო თამაშობები, მაგალითად, ცხენბურთი და ჭაკუნობა. მეორე ფაქტორად შეიძლება დავასახელოთ ისტორიული რეალობა. ზოგადად, საქართველოში ცხენოსნობას უძველესი დროიდან მისდევდნენ. მუდამ ომებში მყოფი ქართველი მებრძოლისთვის ცხენი ყოველთვის ერთგული მეგობარი იყო, საქართველოს ქარტეხილებით სავსე ცხოვრებამ გამოწვრთნა ქართველი ცხენოსნობაში. ამ მხრივ არც გურია იყო გამონაკლისი.
გურულები ოკეანისპირეთში საცხენოსნო მარათონზე 19 საუკუნის ბოლოსა და მე-20-ს დასაწყისში გაემგზავრნენ, მაშინ, როცა ბათუმში, ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბუფალო ბილის წარმომადგენელი, იმპრესარიო თომას ოლივერი ჩამოვიდა. მას დავალებული ჰქონდა ველური დასავლეთის შოუსთვის ცხენოსნების შერჩევა. ოლივერმა აშშ-ს კონსულთან ჩიბათელი კირილე ჯორბენაძე გაიცნო. სწორედ მისი დახმარებით მთელ გურიაში 10 – კაციანი გუნდი შეკრიბა და ივანე მხეიძის მეთაურობით ამერიკაში ჩაიყვანა.
თავდაპირველად გემით გურულები მარსელში ჩავიდნენ, იქიდან კი ინგლისში გაემგზავრნენ. იმ დროს ლონდონის Earl"s Court-ში მიმდინარეობდა საერთაშორისო მებაღეობის გამოფენა, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად გაიმართა ბუფალო ბილის შოუს წარმოდგენები. ლონდონში გურულების, კაზაკების, როგორც მაშინ მოიხსენიებდნენ, გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დედოფალმა ვიქტორიამ მათი ნახვა უინძორის სასახლეში მოისურვა. 1892 წლის 25 ივნისს ქართველი მხედრები ივანე მახარაძის მეთაურობით ინგლისის სამეფო ოჯახისა და სხვა არისტოკრატების წინაშე წარდგნენ. დედოფალმა წარმოდგენის ამსახველი ფოტოების მოოქროვილი ალბომი მათ საჩუქრად გადასცა. ინგლისიდან გურულების გემი ,,ჩესთერი’’ ამერიკას მიადგა.
ამერიკაში ჩასულ ცხენოსნებს შორის იყვნენ გურული ქალებიც, რომლებიც ტოლს არ უდებდნენ მამაკაც მხედრებს ურთულესი ტრიუკების შესრულებაში და დიდ შთაბეჭდილებებსაც ახდენდნენ ამერიკულ პუბლიკაზე.
ასე გაჩნდა ლეგენდები კავკასიელ ამორძალებზე, ქალებზე, რომლებიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდნენ ამერიკული შოუბიზნესის პირველ მაყურებლებზე.
მარო ზაქარეიშვილი
მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბევრი გურული ცხენოსანი მოღვაწეობდა შორეულ შტატებში, კერძოდ ბუფალო ბილის შოუში. გურული უაილდ-ვესტის გამორჩეული მოჯირითე ყოფილა ქრისტინე ნოდია-ცინცაძე, რომელიც არაჩვეულებრივი მხედრული ნიჭით გამოირჩეოდა. ერთ-ერთი ჯირითის დროს მას ცხენი წაექცა, მიწას ყბა დაჰკრა და კბილები ჩაემტვრა. მაგრამ მალევე წამოიჭრა, მოახტა ცხენს და ჭენება განაგრძო. ქრისტინე ვაჟკაცური საქციელისთვის შოუს მეპატრონემ ძვირფასი სამოსით, ოქროს საათით და ბეჭდით დააჯილდოვა.
ქრისტინე ნოდია–ცინცაძე
ქრისტინე დაბადებულა 1869 წელს აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნში. ლანჩხუთში უფროს დას წამოუყვანია გასაზრდელად. ძმას, მიხეილ ნოდიას ბავშვობისას ჯირითი უსწავლებია. 14 წლისა გათხოვილა. შეეძინა სამი შვილი – ერთი ქალიშვილი და ორი ვაჟი. 1903 წელს, როცა ამერიკაში წაიყვანეს, ქრისტინეს უკვე შვილები ჰყავდა. 1912 წლიდან ჯირითობდა შოუებში. ხოლო 1920-იან წლებში, როცა საქართველო გასაბჭოვდა და ამერიკის ხსენებაც კი საშიში გახდა, ქრისტინეს დაუწვავს ყველაფერი – ტანსაცმელი, სამკაულები, სურათები, რაც კი ამერიკის შოუებთან აკავშირებდა.
ქრისტინე ნოდია-ცინცაძე თვითნასწავლი მკურნალიც ყოფილა, თურმე სხვადასხვა მალამოებს ამზადებდა, ჰქონდა სამკურნალო წიგნი „კარაბადინი“, რომლითაც ხელმძღვანელობდა. სახელოვანი გურული მოჯირითე ქალი 87 წლის გარდაცვლილა.
ამერიკულ შოუებში გამორჩეულად ჯირითობდნენ დები – მარო და ბარბარე (ბაბო) ზაქარეიშვილები. დიდ ინტერესს იწვევდა მაროს „ცალი ფეხის ყაბარდული“, „მაკრატელა“, „მხარყირა“, „დგომი“. მონაწილეობდა დოღ მარულაშიც. გამოირჩეოდა მისი დაც, ქართული ცხენოსნობის სანახაობრივი ილეთების მცოდე, ბარბარე ზაქარეიშვილი, რომელმაც თავისი ბედი დაუკავშირა ქრისტეფორე იმნაძეს და ამის შემდეგ ქმრის გვარით იხსენიებდნენ.
დები ზაქარეიშვილები
გარკვეული დროის შემდეგ, ამერიკაში წასული ბევრი ქართველი ქალი დაუბრუნდა სამშობლოს. თუმცა ბარბარე ზაქარეიშვილი-იმნაძე ქმართან ერთად ჩიკაგოში საცხოვრებლად დარჩენილა. 60-იან წლებში მან სამშობლოში წერილი გამოგზავნა, რომელშიც ჰყვებოდა საკუთარ ისტორიას, წუხდა, რომ მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა ქართული არ იცოდნენ და აღნიშნავდა, რომ ძალიან ენატრებოდა საქართველო. 1969 წელს მან მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა, 70 წლის პირველად მშობლიურ საჯავახოში ჩავიდა, ესტუმრა თბილისს, ბათუმსა და ლანჩხუთს. მხედარს ძალიან თბილად დახვდნენ. ბარბარე 1988 წელს 90 წლის ასაკში ჩიკაგოში გარდაიცვალა.
ბარბარე ზაქარეიშვილი-იმნაძე საქართველოში შვილიშვილთან - ქრისტეფორე მაზეიკასთან ერთად ჩამოვიდა.
კიდევ ერთი გურული, ამჯერად ოზურგეთელი მოჯირითე ქალი ფრიდა მგალობლიშვილი იყო. ის ამერიკაში 1893 წელს ჩასულა. 1894 წელს „მორნინგ ჯორნალმა“ მასთან ინტერვიუც გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ფრიდა, – „ნამდვილი ლედი“ სამშობლოდან თავდაპირველად მოხვედრილა პარიზში, სადაც მას შესანიშნავად შეუსწავლია ფრანგული, გერმანული, იტალიური და ინგლისური ენები. ინტერვიუში თურმე იმასაც ამბობდა, რომ ცხენის ზურგი მისთვის სკამი და აკვანიც კი იყო.
შუაში – ფრიდა მგალობლიშვილი
ჟურნალისტს უხსნიდა თუ როგორი თავისუფალი ქალები ცხივრობდნენ თავის სამშობლოში:
"ჩვენიქვეყნისქალებსყველაფრისგაკეთებაშეუძლიათ, რასაცკაცებიაკეთებენ; მაგალითად, ვეწევითთამბაქოს, ვსვამთღვინოს, თუმცა, თუნდაცრუსებთანშედარებით, ზედმეტადფხიზლებივართდაგამოთრობაჩვენთვისუცხოხილია. ქართულიჰარმონიულიკლიმატისაშუალებასგვაძლევსჯანმრთელებივიყოთ. ჩვენშესანიშნავიმხედრებივართდაჩვენსქვეყანაშიმსუქანადამიანსსანთლითაცვერიპოვით“.
ამერიკული პრესის მიხედვით, ფრიდა მგალობლიშვილი ერთი ან ზედიზედ ოთხი ცხენითაც ჯირითობდა და მედისონ სკვერ გარდენში ფრიდა ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მხედრად იყო დაბადებული. ის მხოლოდ ორი წელი მონაწილეობდა შოუებში.
თამამ, შეუპოვარ და უშიშარ ქალ მხედრებს შორის იყო მარო კვიტაიშვილიც. ამერიკის გადაუხურავ ცირკ-იპოდრომებზე ჯირითის დროს მაყურებელს აოცებდა მის მიერ სამი გვერდებჩაკრული ცხენის ჭენება და მათზე ჯირითი. დიდ ინტერესს იწვევდა „ცალი ფეხის ყაბარდული“, მაკრატელა, მხარყირა და დგომი. მარო კვიტაიშვილი მონაწილეობდა გამოსვლებსა და პანტომიმებში. ხანდაზმულ ასაკშიც კი ჯირითობდა.
გურულ ქალებთან ერთად ოკეანისპირეთში სახელი გაითქვეს ქართველმა მხედრებმა: ივანე მახარაძემ, იგივე მათრახამ (1866-1921 წწ), პავლე მახარაძემ, ქიშვარდ მახარაძემ, პატარა ივანე მახარაძემ (ჩოხაგრძელა), გიორგი და ყარამან კალანდარიშვილებმა, ირაკლი ჭყონიამ, მელიტონ ცინცაძემ, მოსე გიგინეიშვილმა, ვასო ჭყონიამ, სიკო მსხალაძემ, იოსებ ცეცხლაძემ, ლუკა ჩხარტიშილმა, ანდრო იორაშვილმა, ლევან შალიკავამ, მალხაზ ანთაძემ, ნიკოლა ანთაძემ.
1892-1917 წლებში ამერიკაში წავიდა 150-მდე მხედარი. საჯირითო სეზონი მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდებოდა. ზამთარში მოჯირითეები ან შინ ბრუნდებოდნენ, ან ამერიკაში რჩებოდნენ, თუმცა უხელფასოდ. სირთულეები, ფათერაკები, მშობლიური კუთხისადმი მონატრების განცდა გასდევდა თან ამერიკაში გურული ცხენოსნების მოღვაწეობას. გარდა თავის წარმოჩენისა, ისინი სამშობლოში დარჩენილი ოჯახებისთვის ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფასაც ამ გზით ცდილობდნენ. ცხენოსნების ყოველთვიური ხელფასი 40-50 დოლარს აღემატებოდა.
გურული მხედრები აკეთებდნენ იშვიათ ტრიუკებს ჯირითის დროს და დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მათი შოუს აუცილებელი ატრიბუტი იყო ცეკვები, სიმღერა, იარაღი და ტანისამოსი. მათ დიდი გავლენა მოახდინეს ადგილობრივ კოვბოებზე. მათი შოუების აქტიური მაყურებლები იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტები, ვუდრო ვილსონი და თეოდორ რუზველტი, რომელმაც ერთ-ერთ ქართველ მოჯირითეს, გიორგი ჩხაიძეს, საჩუქრად ლანგარი და ბეჭედი გადასცა. სამშობლოში დაბრუნებულ ჩხაიძეს საბჭოთა ხელისუფლებისგან პატიმრობა ემუქრებოდა და იძულებული გახდა, ბეჭედი გაეყიდა.
ქართველი ცხენოსნები რამდენჯერმე მიიწვიეს თეთრ სახლშიც. ალექსი გოგოხია-ჯორჯიანი მიიღო პრეზიდენტმა უილიამ მაკ –კინლიმ, დიმიტრი და ფრიდა მგალობლიშვილები კი გროვერ კლივლენმა.
პირველმა მსოფლიო ომმა წერტილი დაუსვა გურული მოჯირითეების მოღვაწეობას აშშ-ში. ომის გამო დაიკეტა საზღვრები და როგორც ამერიკაში წასვლა, ასევე ევროპაში მოგზაურობა შეუძლებელი გახდა. გურულები, რომლებიც დარჩნენ ამერიკაში, სამშობლოში მხოლოდ ომმის შემდეგ დაბრუნდნენ. ბევრმა მოჯირითემ ამერიკული ოჯახი შექმნა და სამუდამოდ იქ დარჩა. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ ამერიკას მიაწყდა ნამდვილი კაზაკების დევნილი ჯგუფები. მათ ჩაანაცვლეს შოუებში გურულები, რომლებიც უკვე ასაკში იყვნენ შესულები და აღარ ჰქონდათ ძველებური ენერგია.
მცირე ჯგუფი, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. უკანასკნელი ჯგუფი საქართველოში 1924 წელს დაბრუნდა. ამერიკაში ნამყოფი მოჯირითეები ამერიკელ ჯაშუშებად შერაცხეს და დააპატიმრეს, ბევრი მათგანი იძულებული გახდა, საზღვარგარეთ ყოფნის დამადასტურებელი ყველა სამხილი გაენადგურებინა. რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ ივანე მახარაძე, პავლე მახარაძე, ივანე ბარამიძე. საბჭოთა ხელისუფლებამ კონფისკაცია გაუკეთეს ამერიკიდან მათ მიერ ჩამოტანილ ნივთებს. დაბრუნებულთაგან ბევრმა თვითმკვლელობითაც დაისრულა სიცოცხლე.
მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. კედლის მხატვრობა “თავისუფლების ფერების” სერიის ნაწილია და ის მურალისტმა, ედუარდო კობრამ დახატა. მურალი მონუმენტურია და იმიგრანტების სახეები 800 კვადრატულ მეტრზეა დახატული.