გლობალური კრიზისებისა და ორი ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის ფონზე, რომელთაგან ერთი უკრაინაში ამ დრომდე გრძელდება - კიევი ბუდაპეშტზე პოლიტიკური იერიშისთვის იცლის. ვოლოდიმირ ზელენსკის, სამიზნე ვიქტორ ორბანია, უნგრეთის პრემიერი, რომელიც ზელენსკის მოთხოვნებს, უსიტყვოდ არ თანხმდება. ხშირად იყენებს ვეტოს უფლებას, უარს ამბობს ომზე, მომხრეა კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარების და რაც მთავარია, იცავს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს. სწორედ ამის გამო გახდა უნგრეთის პრემიერი, უკრაინის პრეზიდენტისთვის მიუღებელი, რომელიც უკვე არც იმას მალავს, რომ უნგრეთში 12 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, ვიქტორ ორბანისა და მისი პარტიის დამარცხება სურს.
ამ განცხადებას, თბილისი, ბუდაპეშტის შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეშ ჩარევად მიიჩნევს. უცხო ქვეყნის ელექტორატზე გავლენის მოხდენის მცდელობად, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის მუდმივად იყო, არის და მომავალშიც იქნება მიუღებელი.
ოპოზიციისთვის კი პირიქით. მისაღებია ნებისმიერი პოზიცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ახლო პარტნიორების წინააღმდეგაა მიმართული. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებში ირწმუნებიან, რომ ზელენსკის განცხადება შეფასების ჩარჩოს არ ცდება, თუმცა უკრაინის პრეზიდენტის მსგავსად თავადაც არ მალავენ, რომ ორბანის დამარცხებას ემხრობიან.
ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციები პოლიტიკური შეფასების ჩარჩოს რომ დიდი ხანია გაცდა, ამის დასტურად უმრავლესობას, უკრაინის ლიდერის სხვადასხვა განცხადება მოჰყავს, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით. ქვეყანასთან, რომელიც ბუდაპეშტის მსგავსად, კიევის პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. მმართველ პარტიაში დარწმუნებით ამბობენ, რომ შიდა საქმეებში ჩარევის გარდა, ზელენსკი მუდმივად საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, უნგრეთში 12 აპრილს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.