07 აგვისტო 2026,   14:22
ვრცლად
ახალი ალიანსი საერთო პოლიტიკური წარსულით - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კონკრეტული ადამიანები "ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირებას ცდილობენ, მაგრამ პოლიტიკურ წარსულს ვერავინ გაექცევა

ახლადშექმნილი ოპოზიციური ალიანსი, ჯონდი ბაღათურიასთვის კარგად ნაცნობი ძველი "ნაციონალური მოძრაობაა". ამის დასტური კი მისთვის გაერთიანების წევრები არიან, რომელთა პოლიტიკური წარსული მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. მათ შორისაა "თავისუფლების მოედანი" და მისი ლიდერი - ლევან ცუცქირიძე. ბაღათურიას თქმით, სწორედ ცუცქირიძე იყო 2007 წელს იმჟამინდელი პრეზიდენტის, სააკაშვილის ადმინისტრაციასთან არსებული საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრი გია ნოდიასთან ერთად. კომისიას ცესკოს თავმჯდომარეობის დამოუკიდებელი კანდიდატები უნდა შეერჩია, თუმცა ბაღათურიას თქმით, მაშინ ყველამ კარგად იცოდა, რომ კანდიდატი წინასწარ შერჩეული, პოლიტიკური გადაწყვეტილება კი უკვე მიღებული იყო.

ეგზიტპოლი, რომელზეც ჯონდი ბაღათურია საუბრობს, 2008 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რონდელის ფონდმა, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა ჩაატარა. სწორედ "ჯიპას" რექტორი იყო მაშინ ლევან ცუცქირიძე, რომელმაც სხვებთან ერთად, ჯონდი ბაღათურიას თქმით, ეგზიტპოლი გააყალბა და ასე, მიხეილ სააკაშვილს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციაში დაეხმარა. "თავისუფლების მოედნის" ლიდერისა და "ნაციონალური მოძრაობის" მჭიდრო კავშირზე საუბრობს "ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენელიც.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირზე შეკითხვები იყო ადრესატთან, თუმცა ლევან ცუცქირიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. პოლიტიკურ წარსულზე საუბარი დღეს ალიანსის არც სხვა წევრებმა ისურვეს.

ოპოზიციური ალიანსი არ არსებობს მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ახლა კონკრეტული ადამიანები, მათ შორის ლევან ცუცქირიძე "ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირებას ცდილობს, მაგრამ პოლიტიკურ წარსულს ვერავინ გაექცევა. სააკაშვილის პარტიასთან მჭიდრო კავშირის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, სახელისუფლებო გუნდისთვის ის ადამიანები არიან, რომლებიც წინა მთავრობის დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.

ახალი გაერთიანება რამდენიმე დღის წინ შეიქმნა, თუმცა ახალ ალიანსს საერთო პოლიტიკური წარსული აქვს.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

 

 

 

 

დღის ამბები