"ონ.ჯი", "ნეტგაზეთი" და "პუბლიკა" არ განმარტავენ რა სტანდარტით მოქმედებდნენ, როდესაც ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის გაშუქებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ოცნების" პრემიერად მოიხსენიეს. გამოცემები იდენტურად მოიხსენიებდნენ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებსაც. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსგავსი მიდგომით, ეს მედიასაშუალებები, პროპაგანდისტული ნარატივით გაჯერებული, მოდელირებული რეალობის შექმნას ცდილობენ.
ონლაინმედიების დაცვა, დღეს, საკუთარ თავზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" აიღო. სააკაშვილის პარტიაში ამტკიცებდნენ, რომ მედია არ შემცდარა და ფაშინიანის ვიზიტი მხოლოდ ორ ქვეყანას შორის არსებული ხანგრძლივი პარტნიორობის დასტური იყო.
დაირღვა თუ არა სტანდარტი ონლაინმედიების მხრიდან - ამ კითხვაზე პასუხს თავი არიდეს დღეს საპარლამენტო უმცირესობაშიც.
პროპაგანდისტული მიდგომა და ლობისტების მიერ ნაკარნახევი ფორმების დამკვიდრების მცდელობა - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის შეფასება. მმართველი გუნდისთვის ოპოზიციისა და ონლაინმედიის ინტერესებს შორის ზღვარი წაშლილია. კანონმდებლები მანკიერ მიდგომებზე აკეთებენ აქცენტს, რომელიც ქვეყანაში ჯანსაღი ოპონირებისა და დისკურსის სივრცეს მიზანმიმართულად ზღუდავს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.