18 ივნისი 2026,   14:29
ვრცლად
ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი ოპერაცია ირანის ტერიტორიაზე გრძელდება - თეირანის ცაზე კოალიციური ძალების გამანადგურებლები დაფრინავენ

ისრაელის და შტატების ერთობლივი ოპერაცია ირანის ტერიტორიაზე გრძელდება - თეირანის ცაზე კოალიციური ძალების გამანადგურებლები დაფრინავენ.

საჰაერო ძალები ისლამური რესპუბლიკის სტრატეგიულ ობიექტებს ერთი-მეორის მიყოლებით ბომბავენ.

მიზანი გაცხადებულია - თეირანის სამხედრო და ატომური პოტენციალი უნდა განადგურდეს, რეჟიმი კი, რომელიც ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ აღდგენას ცდილობს, დაემხოს.

ვიდრე შტატების პრეზიდენტი თეთრი სახლიდან ირანის ხელისუფლებაში მოსვლის მსურველებს აფრთხილებდა, 88 წევრისგან შემდგარმა ექსპერტთა კრებამ უზენაესი ლიდერის თანამდებობაზე ალი ხამენეის უმცროსი ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი აირჩია. საერთაშორისო მედიისა და ინფორმირებული წყაროების ცნობით, მუდმივი საჰაერო დარტყმების საფრთხის გამო, შეხვედრები და კენჭისყრა ვირტუალურად, დაცული ვიდეოკონფერენციების მეშვეობით ჩატარდა. მოჯთაბა ხამენეიმ ისრაელიდან პირველი გზავნილიც მოისმინა.

სანამ ახალი უზენაესი ლიდერი ისრაელის საჰაერო ძალების სამიზნეა, ირანში ჯერ კიდევ აიათოლა ალი ხამენეის გლოვობენ. ცნობილი ხდება, რომ უფროს ხამენეის თავის მშობლიურ ქალაქ მაშჰადში, სავარაუდოდ, შაბათს დაკრძალავენ. სამძიმარს ისლამური რესპუბლიკა სხვადასხვა სახელმწიფოებიდან იღებს.

პოლიტიკური მოქმედებების ფონზე, ისლამური რესპუბლიკა საპასუხო შეტევებსაც ახორციელებს. სამიზნეშია ამოღებული ისრაელი.

ბოლო რამდენიმე საათში, ახლო აღმოსავლეთში მოვლენები ასე განვითარდა - თელ-ავივის ცენტრალურ ნაწილში ირანული ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა კასეტური ბომბებით აღჭურვილი რაკეტები გამოიყენა, რომელთა უმეტესობა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მოიგერიეს.

როცა ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალშია გახვეული, დიპლომატიას კრიზისიდან გამოსასვლელად არცერთი მხარე არ მიმართავს. სხვადასხვა წყაროის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები ირანში ქურთების აჯანყებას და რევოლუციის მოწყობას ცდილობს. ისლამურ რესპუბლიკაში კი ღიად ამბობენ, რომ მოლაპარაკებების დრო შტატებსა და ირანს შორის დასრულდა.

თეირანის ხელში მთავარი კარტი ახლა "ჰორმუზის" სრუტეა. აქ გადის გლობალური ნავთობის მეხუთედი, რომლის ბლოკირებაც ირანს ერთი ხელის მოსმით შეუძლია, რაც ნავთობის ფასის 20-30%-ით გაძვირებას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, დონალდ ტრამპი, რაიმე სახის საფრთხის გამოჩენის შემთხვევაში აანონსებს, რომ "ჰორმუზის" სრუტეში ნავთობტანკერებს უსაფრთხო ტრანსპორტირებაში ამერიკელი სამხედროები დაეხმარებიან.

პარალელურად, ცეცხლის ალშია ლიბანიც, სადაც ისრაელის ძალები ცასა და ხმელეთზე "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ერთდროულად იბრძვიან. მიზანი, ირანის მთავარი მოკავშირის განადგურებაა. შტატების ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ რაც 28 თებერვლიდან დღემდე ვიხილეთ, მხოლოდ სამხედრო ოპერაციის დასაწყისია. პიტ ჰეგსეტის განმარტებით, შტატები არ გაჩერდება, ვიდრე სასურველ მიზანს არ მიაღწევს.

უკვე მე-5 დღეა ახლო აღმოსავლეთში ვითარება მწვავდება. ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია 48 მაღალჩინოსანი. განადგურებულია 17 ხომალდი, 34 თვითმფრინავი და 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა. პარალიზებულია 9 სარაკეტო ბაზა და ნატანზის ბირთვული ობიექტი.

დღის ამბები