ოპერაცია Epic Furie-ს შესახებ არსებობს ერთი ცალსახა გზავნილი: ამერიკა იგებს გადამწყვეტად, გამანადგურებლად და დაუნდობლად, - ამის შესახებ აშშ-ს ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, მსგავსი მასშტაბის ოპერაციის ხელმძღვანელობა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია.
"ოპერაცია Epic Furie-ს შესახებ არსებობს ერთი ცალსახა გზავნილი: ამერიკა იგებს გადამწყვეტად, გამანადგურებლად და დაუნდობლად. პრეზიდენტ ტრამპის პირდაპირი ბრძანებით, ომის დეპარტამენტმა ეს ოპერაცია გასულ შაბათს, სულ რაღაც ოთხი დღის წინ დაიწყო. აქედან გამომდინარე, ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ: პირველი - ჩვენ მხოლოდ მეოთხე დღეს ვითვლით. მონაცემები იცვლება, მტვერი ჯერ კიდევ ილექება, დამატებითი ძალები კი კვლავაც გზაში არიან. ჯერ ძალიან ადრეა. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, ჩვენ გამოვიყენებთ იმდენ დროს, რამდენიც საჭირო იქნება სრული წარმატების მისაღწევად.
მეორე - სულ რაღაც ოთხი დღე გავიდა და შედეგები უკვე დაუჯერებელია; მართლაც ისტორიული. მსგავსი მასშტაბის ოპერაციის ხელმძღვანელობა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია. მხოლოდ ჩვენ. ხოლო როდესაც ამას ისრაელის თავდაცვის ძალები - ეს უაღრესად ბრძოლისუნარიანი ძალა - ემატება, ეს რადიკალი ისლამისტი ირანელი მოწინააღმდეგეებისთვის აბსოლუტურ განადგურებას ნიშნავს. მათი აღსასრული ახლოსაა და ეს იციან - ან, სულ მცირე, ძალიან მალე გაიგებენ.
ჩვენ სულ რაღაც ოთხი დღეა, რაც დავიწყეთ მათ შესაძლებლობებზე ნადირობა, დემონტაჟი, დემორალიზება და განადგურება. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში - მსოფლიოს ორ უძლიერეს სამხედრო-საჰაერო ძალას ირანის ცაზე სრული, უპირობო კონტროლი ექნება დამყარებული.“
"იმედი მაქვს, ყველა მაყურებელს კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს "დაუპირისპირებელი საჰაერო სივრცე" და "სრული კონტროლი". ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიფრენთ განუწყვეტლივ - დღისით და ღამით, რათა აღმოვაჩინოთ, მივაკვლიოთ და მიწასთან გავასწოროთ ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და მათი სარაკეტო სისტემები;
ვიპოვოთ და გავანადგუროთ მათი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები. ჩვენ ვიფრენთ თეირანის თავზე, მთელი ირანის თავზე, მათ დედაქალაქსა და "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" თავზე. ირანელი ლიდერები ყოველ წუთს, ყოველდღე, ცაში მხოლოდ ამერიკისა და ისრაელის საჰაერო ძალებს დაინახავენ მანამ, სანამ ჩვენ არ გადავწყვეტთ, რომ ყველაფერი დასრულდა.
ირანი ამის წინააღმდეგ ვერაფერს გააკეთებს. B-2, B-52, B-1 ბომბდამშენები, Predator-ის ტიპის დრონები და გამანადგურებლები - გააკონტროლებენ ცას, ამოირჩევენ სამიზნეებს და მთელი დღის განმავლობაში ციდან სიკვდილსა და ნგრევას დათესენ.
ჩვენ იქ სათამაშოდ არ მივსულვართ. ჩვენს მებრძოლებს მინიჭებული აქვთ მაქსიმალური უფლებამოსილება პირადად პრეზიდენტისა და ჩემგან. ჩვენი საბრძოლო მოქმედებების წესები არის გაბედული, ზუსტი და მიზნად ისახავს ამერიკული ძლიერების სრულად გამოვლენას და არა მის შეზღუდვას.
ჩვენ მათ მაშინ ვურტყამთ, როცა ისინი წაქცეულები არიან და სწორედ ასეც უნდა იყოს. ამ დროისთვის, ოპერაცია Epic Fury-მ ორჯერ მეტი საჰაერო ძალა გამოიყენა, ვიდრე 2003 წელს ერაყში განხორციელებულმა ოპერაციამ „Shock and Awe“ („შოკი და ზარდაციმა“) ოღონდ ყოველგვარი პოლ ბრემერისა და „სახელმწიფოს მშენებლობის“ ილუზიების გარეშე.“
ამ კამპანიის ინტენსივობა შვიდჯერ აღემატება იმ ოპერაციებს, რომლებსაც ისრაელი ირანის წინააღმდეგ 12-დღიანი ომის დროს აწარმოებდა — დიახ, შვიდჯერ. და როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, წინ უფრო მასშტაბური ტალღები გველის. ჩვენ ახლა ვიწყებთ; ჩვენ ტემპს ვაჩქარებთ და არ ვანელებთ. ირანის სამხედრო პოტენციალი საათობრივად ორთქლდება, მაშინ როდესაც ამერიკული ძლიერება სულ უფრო მრისხანე, გონივრული და აბსოლუტურად დომინანტური ხდება. მხოლოდ დღეს დამატებითი ბომბდამშენები და გამანადგურებლები ჩავიდნენ.
ახლა კი, როდესაც ცაზე სრული კონტროლი დავამყარეთ, გამოვიყენებთ 500, 1000 და 2000-ფუნტიან GPS და ლაზერული დამიზნების მაღალი სიზუსტის თავისუფალი ვარდნის ბომბებს, რომელთა თითქმის ამოუწურავი მარაგი გვაქვს. საწყის ეტაპზე ჩვენ უფრო დახვეწილ, შორ მანძილზე მოქმედ (standoff) საბრძოლო მასალას ვიყენებდით, თუმცა ამის საჭიროება აღარ არსებობს. ამ მასალების, ისევე როგორც „Patriot“-ის სისტემების მარაგი, კვლავაც უზარმაზარია. მტერს აღარ შეუძლია იმ რაოდენობის რაკეტების გაშვება, რასაც ადრე უშვებდა - ახლოსაც კი ვერ მოვლენ ძველ მაჩვენებლებთან.
შესაბამისად, ჩვენს საჰაერო თავდაცვასა და ჩვენი მოკავშირეების შესაძლებლობებს დიდი რესურსი აქვს. ჩვენ შეგვიძლია ეს ბრძოლა მანამ გავაგრძელოთ, სანამ საჭირო იქნება. როგორც გუშინ ვთქვი - პირობებს ჩვენ ვკარნახობთ. შესაძლოა, თქვენ ბევრს ვერაფერს ხედავდეთ, რადგან "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" მთელ ქვეყანაში ინტერნეტი გათიშა.
ისინი საკუთარ ხალხს განზრახ აბრმავებენ, ისევე როგორც განზრახ ხოცავენ. ბევრი ითქვა იმ რაკეტების რაოდენობაზე, რომელთა გაშვებაც ირანმა პირველ დღეებში შეძლო. სამწუხაროდ, როგორც ვვარაუდობდით, რამდენიმე მათგანმა სამიზნემდე მიაღწია და ჩვენი ექვსი საუკეთესო მებრძოლი იმსხვერპლა.
ირანის მდგომარეობას იმ საფეხბურთო გუნდს შევადარებდი, რომელსაც თამაშის პირველი 20 სვლა წინასწარ ჰქონდა გაწერილი. გუნდმა იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა, რადგან საწყისი შეტევები სკრიპტით იყო დაგეგმილი. მაგრამ ახლა, როცა თამაში დაიწყო და ტოტალური შეტევა (blitz) მიმდინარეობს, მათ აღარ იციან, რა ქნან — ისიც კი არ იციან, როგორ შეიკრიბონ სტრატეგიის მოსაფიქრებლად, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ გეგმების შესრულებაზე.
ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობა მკვდარია. ეგრეთ წოდებული „მმართველთა საბჭო“, რომელსაც მემკვიდრე უნდა აერჩია - ან განადგურებულია, ან დაკარგული, ან ბუნკერებშია მიმალული; ისინი იმდენად დაზაფრულები არიან, რომ ერთ ოთახში შეკრებასაც კი ვერ ბედავენ. უმაღლესი გენერალიტეტი, საშუალო რგოლის ოფიცრები და რიგითი შემადგენლობა - მათ ერთმანეთთან კომუნიკაციაც კი არ შეუძლიათ, კოორდინირებულ და ხანგრძლივ იერიშზე საუბარიც კი ზედმეტია. ეს მათ მორალურ სულისკვეთებაზე კარგად ნამდვილად არ აისახება.
ირანის სამხედრო-საჰაერო ძალები აღარ არსებობს; 1996 წლისთვის შექმნილი არმია 2026 წელს განადგურდა. ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი კი სპარსეთის ყურის ფსკერზე განისვენებს. ბრძოლისუუნარო, განადგურებული, დემორალიზებული და დამარცხებული - თავად აირჩიეთ ნებისმიერი ეპითეტი.
ფაქტობრივად, გუშინ ღამით ჩვენ მათი საამაყო ხომალდი ჩავძირეთ. მათი ფლოტი აღარაფერს წარმოადგენს - თქვით, რაც გნებავთ, ის უბრალოდ აღარ არსებობს. გუშინვე, ინდოეთის ოკეანეში, ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა ირანული სამხედრო ხომალდი, ეგონათ რომ საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ იყვნენ. ის ტორპედომ იმსხვერპლა. ჩუმი სიკვდილით. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მტრის ხომალდის ტორპედოთი ჩაძირვის პირველი შემთხვევა. მაშინაც „ომის დეპარტამენტი“ გვერქვა, ჩვენ ახლაც მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვით.
ასევე, გუშინ ვიპოვეთ და გავანადგურეთ იმ დანაყოფის ლიდერი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობას ცდილობდა. ირანი პრეზიდენტ ტრამპის მოკვლას ლამობდა, თუმცა ბოლო სიტყვა მაინც პრეზიდენტმა თქვა.
რა თქმა უნდა, ირანი კვლავ შეძლებს რამდენიმე რაკეტის გაშვებას ან სამოქალაქო სამიზნეებისკენ ე.წ. „კამიკაძე-დრონების“ გაშვებას; მათი პროქსი-ჯგუფები შეეცდებიან თავს დაესხან ჩვენს საელჩოებს, ბაზებსა და დაუცველ ობიექტებს. ბოლოს და ბოლოს, ისინი ტერორისტები არიან - ისინი სამოქალაქო პირებს იმიტომ ესხმიან თავს, რომ პირისპირ ბრძოლა არ შეუძლიათ", - განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე