საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ვიდრე ირანი არ დაეხმარება სააგენტოს გარანტიებთან დაკავშირებული დარჩენილი საკითხების საბოლოო გადაწყვეტაში, სააგენტო ვერ შეძლებს დაადასტუროს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
"ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ჩემს ანგარიშებში ყოველთვის მკაფიო და თანმიმდევრული ვიყავი: მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ირანი ბირთვული ბომბის შექმნაზე მუშაობს, მის მიერ დაგროვილი თითქმის საბრძოლო ხარისხის გამდიდრებული ურანის არსებითი მარაგი და ინსპექტორებისთვის წვდომის ფაქტობრივი შეზღუდვა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
ამ მიზეზით, ჩემს წინა ანგარიშებში ხაზგასმით აღინიშნა, რომ სანამ ირანი სრულად არ ითანამშრომლებს და არ დაეხმარება სააგენტოს გარანტიებთან დაკავშირებული დარჩენილი საკითხების საბოლოო გადაწყვეტაში, სააგენტო ვერ შეძლებს დაადასტუროს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა, სრულად და ექსკლუზიურად, მშვიდობიან მიზნებს ემსახურება", - აღნიშნავს რაფაელ გროსი.