02 აგვისტო 2026,   13:50
ვრცლად
ნარკოტრანზიტის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთილია - 125 ლიტრი მეტამფეტამინი, ირანის მოქალაქეს სატვირთო ავტომობილით სადახლოს საბაჟო პუნქტზე გადმოჰქონდა

სითხე, რომელსაც საწვავის ავზიდან ასხამენ, მეტამფეტამინის შემცველი ნარკოტიკია. რამდენიმე საათი დასჭირდა პოლიციას, რომ თხევადი ნარკოტიკული საშუალება სამალავიდან ამოეღო.

საწვავის ავზიდან ამოღებული და პლასტმასის ჭურჭელში გადანაწილებული მეტამფეტამინი 125 ლიტრია. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ფაქტი პოლიციამ სადახლოს ტერიტორიაზე აღკვეთა.

სატვირთო ავტომობილს ირანის მოქალაქე მართავდა. პოლიციამ მამაკაცი ადგილზევე დააკავა.

ირანის მოქალაქის დაკავებამდე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ნარკოდანაშაულის კვალზეც ამის შემდეგ გავიდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, გამთენიისას სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სადახლოს" ტერიტორიაზე ლურჯი ფერის სატვირთო გამოჩნდა. საეჭვო ავტომობილის შემოწმება მებაჟე ოფიცრებმა სამართალდამცველებთან ერთად დაიწყეს. მალავე აღმოაჩინეს, რომ მანქანის დამატებითი ავზი არა საწვავით, არამედ "მეტამფეტამინის" შემცველი სითხით იყო სავსე.

რა მიზნით შემოვიდა 125 ლიტრი ნარკოტიკით დატვირთული სატვირთო საქართველოში, ამას გამოძიება დაადგენს. სადახლოს ტერიტორიაზე ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებაზე კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

სატვირთო ავტომობილის მძღოლს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. საწვავის ავზიდან ამოღებულ 125 ლიტრ მეტამფეტამინის შემცველ სითხეს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

დღის ამბები