უნიკალური კურორტის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. აბასთუმანში მნიშვნელოვანი ცვლილებები და განახლების პროცესი მასშტაბურ პროექტებს ითვალისწინებს. სამთო-ბალნეოლოგიური კურორტი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის, მალე კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. აბასთუმნის მოდერნიზაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტირება-მშენებლობის ტენდერი უკვე გამოაცხადა.
პროექტის პირველ ეტაპზე განისაზღვრება ის ინფრასტრუქტურული მიმართულებები, რაც განახლებას საჭიროებს. დაგეგმილია ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობების აღდგენა, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობა, ქუჩებისა და გზების განახლება, ასევე ნაპირსამაგრი ნაგებობებისა და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა-რეკონსტრუქცია. ადგილობრივები შესრულებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ აბასთუმანი ყოველწლიურად ვითარდება, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება.
ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებამდე კურორტზე ბოლო წლებში არაერთი მასშტაბური სამუშაო განხორციელდა. მათ შორის უკვე დასრულებულია აბასთუმნის სავიზიტო ბარათის, ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია. დამონტაჟდა ახალი გუმბათი და ტელესკოპი. ობსერვატორია საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით დიდი სამეცნიერო მიზიდულობის ცენტრის ფუნქციას ითავსებს. სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტზე აშენდა და უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა ფილტვის ქრონიკულ პათოლოგიათა მკურნალობის ახალი ცენტრი და ამბულატორია. დასრულდა ისტორიული სახლების რეაბილიტაცია, საბაგირო სადგურისა და ცენტრალური პარკის განახლება. განხორციელდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა. უკვე შემუშავებულია აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმაც.
კურორტის განვითარების მიზნით გრძელდება ბაღდათი–აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია, შემოვლითი გზის მშენებლობა და სასტუმრო კომპლექს „პარაგრაფის“ პროექტის განხორციელება. აბასთუმნის განვითარების გეგმასა და ახალ პროექტებზე საუბრობს ინფრასტრუქტურის მინისტრი.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ძველი კურორტების აღდგენა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს ზრდის და საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ მიმართულებად აქცევს.