11 აგვისტო 2026,   11:37
ვრცლად
ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში - მაკა ბოჭორიშვილმა გარეტ უორდისგან ქართულ მედიაზე თავდასხმის გადაწყვეტილების არგუმენტები მოითხოვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანეთის ელჩისგან ქართულ მედიაზე თავდასხმის გადაწყვეტილების არგუმენტები მოითხოვა. თუმცა, უწყებაში დაბარებულმა გარეტ უორდმა როგორც მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.

ტელეკომპანია "იმედთან" და POSTV-სთან დაკავშირებით ლონდონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი, საქართველოს პირველმა დიპლომატმა ქართულ საზოგადოებაზე პირდაპირ თავდასხმად შეაფასა. ბრიტანეთის ელჩისგან არგუმენტები დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მსგავსად ვერც მედიამ მოისმინა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული გარეტ უორდი შენობაში უკანა კარიდან შევიდა და იმავე გზით გამოვიდა. ბრიტანელმა დიპლომატმა დღეს ჟურნალისტებს არ განუმარტა, რატომ მიიღო მისმა მთავრობამ ტელევიზიების წინააღმდეგ გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა 7 თვის წინ თავად სწორედ მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობდა.

წარსულში სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობდნენ სააკაშვილისა და ხაზარაძე-ჯაფარიძის თანაპარტიელებიც. თუმცა, დღეს უცხო ქვეყნის მიერ დასანქცირებულ ქართულ ტელევიზიებსა და კომპანიებს ღიად ემუქრებიან: მუქარამდე იყო ოპოზიციის დიდი სიხარული - ხელისუფლების ოპონენტები ბრიტანეთის მიერ იმედისა და POSTV-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილებას ბოლო რამდენიმე დღეა ღიად გამოხატავენ. მმართველი გუნდისთვის კი ოპოზიციის ქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ბრიტანეთის მთავრობამ იმედისა და POSTV-ის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში თავისუფალ მედიაზე თავდასხმად შეფასდა, 24 თებერვალს მიიღო.

დღის ამბები