უცხოელი დიპლომატებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნება" ბოლო 4 წლის განმავლობაში აქტიურად საუბრობდა ლონდონის, ბერლინის, პარიზის თუ ევროკავშირის სხვა დედაქალაქების ფარულ ზრახვებსა და თბილისის დამორჩილების მცდელობაზე, რასაც ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა უნდა მოჰყოლოდა. თუმცა, მოპასუხე მხარემ დუმილი მხოლოდ ახლა - უკრაინის ომის 4 წლის თავზე დაარღვია. პირველი, ინგლისელი ელჩის მოწოდება იყო საქართველოს მისამართით - ევროპულ სანქციებთან მიერთების შესახებ, რაც მალევე გერმანელმა და ფრანგმა დიპლომატებმაც გაიზიარეს. 3 ქვეყნის ერთობლივი განცხადება და რუსეთისთვის შეზღუდვების დაწესების მოთხოვნა, საქართველოს ხელისუფლებისთვის მორიგი დასტურია, რომ თბილისს ისევ მოსკოვთან დაპირისპირებისკენ უბიძგებენ.
ომის საფრთხეს ვერ ხედავენ ოპოზიციაში. ვერც იმას პროგნოზირებენ, რას მიიღებს მეზობელ სახელმწიფოებთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე დამოკიდებული საქართველო, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში. სამაგიეროდ, თამამად უდასტურებენ ერთგულებას ლონდონს, პარიზს, თუ ბერლინს, რომელთა მუდმივი კრიტიკაც, მათივე ქვეყნის მიმართ, ოპოზიციისთვის მუდამ სამართლიანია.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დასავლეთის ქვეყნების რეალური მოთხოვნა ეკონომიკური დაპირისპირებაა რუსეთთან, რაც გარდაუვალად ესკალაციის წინაპირობაც გახდება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, თბილისი, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველომ არ გადადგა და არც მომავალში გადადგამს ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას დააზიანებს.
ორმაგი სტანდარტი და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული ინტერესი - პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ელჩების მოწოდება, გაგრძელებაა ევროპარლამენტის იმ რეზოლუციის, რომლითაც ბრიუსელის ბიუროკრატია თბილისისგან სანქციების დაწესებას ითხოვდა.
გაერთიანებული სამეფოს ელჩმა თბილისის მხრიდან მოსკოვისთვის სანქციების დაწესების მნიშვნელობაზე ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ერთობლივი კონფერენციის შემდეგ ისაუბრა.