ევროპის კონტინენტზე მიმდინარე რუსული აგრესიის სამიზნე ისევ უკრაინაა, თუმცა ომი მხოლოდ უკრაინას არ შეხებია. 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ე.წ. სამხედრო ოპერაციის გავლენები გლობალურად გავრცელდა. ეკონომიკური და პოლიტიკური წნეხი - სრულმასშტაბიანი კონფლიქტის შედეგები საკუთარ თავზე სხვა ქვეყნებმაც გამოცადეს, მათ შორის, საქართველომ, რომლისთვისაც გასული ოთხი წელი მარტივი არ ყოფილა. ქვეყანამ მშვიდობა შიდა და გარე ზეწოლის ფონზე შეინარჩუნა - ასეთია საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი განცხადება. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოსთვის სიმტკიცე, ერთიანობა და სუვერენული არჩევანის დაცვა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ისტორიული აუცილებლობაა.
სწორედ ისტორიულ ჭრილში განიხილავს ოთხწლიან მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე. სპიკერი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე დიდი სამამულო ომი და ადამიანური ტკივილის მასშტაბითაც მას გაუთანაბრდა.
ომი ისევ ახლოსაა და ათასობით სიცოცხლეს კვლავ საფრთხეს უქმნის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მშვიდობის ფორმულის მოძებნა ვერ ხერხდება, რადგან უკრაინაში ომის დასრულება კონკრეტული ძალების ინტერესებში არ შედის, განსხვავებით მისი დაწყებისგან.
შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება - კითხვა ოთხი წელია აქტუალობას არ კარგავს, თუმცა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპონენტებს ერთიანი პასუხი არ აქვთ.
"ქართული ოცნება" ოპოზიციას ურჩევს, სახელმწიფოს პოზიციასთან დაკავშირებით რიტორიკა შეცვალოს. უმრავლესობის თქმით, რაც დრო გადის, მით უფრო მკაფიო ხდება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ომის დაწყებისთანავე პრაგმატული პოლიტიკის გატარება, რომელმაც ქვეყანას აუცილებელი მშვიდობა მოუტანა.
ათიათასობით დაღუპული და გაცილებით მეტი - მილიონობით იძულებით გადაადგილებული. გაეროს მონაცემებით, ომის შედეგების აღმოსაფხვრელად უკრაინას მომდევნო 10 წლის განმავლობაში 587 მილიარდი დოლარი დასჭირდება.