11 აგვისტო 2026,   14:31
ვრცლად
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ 40-მდე ტელემაუწყებლის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ 40-მდე ტელემაუწყებლის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა გაცვალეს პოზიციები სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე და მაუწყებლობის შესახებ კანონში აპრილში შეტანილ ცვლილებებზე.

გოგა გულორდავამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და განსახილველი საკითხების შესახებ კომისიის ხედვა გააცნო.

საუბარი შეეხო პროდუქტის განთავსებისა და სარეკლამო კომუნიკაციებს, დაფინანსების საკითხებს და სარეკლამო შემოსავლებს.    

"ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო შეხვედრა გვქონდა მაუწყებლებთან. მოვისმინეთ მათი მხრიდან, რა გამოწვევებს აწყდებიან, რა პრობლემები აწუხებთ, რა შესაძლო თანამშრომლობის ფორმატები შეიძლება არსებობდეს კომისიასა და მაუწყებლებს შორის. ჩვენი მხრიდანაც, რა თქმა უნდა, გზავნილები იყო მკაფიო," - ამბობს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა.  

"მედია ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი, ბაკურ ბაკურაძე აცხადებს, რომ "რუსთავი 2-ს" კომუნიკაციების კომისიასთან ინტენსიური ურთიერთობა აქვს და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციებს გადის. 

"რუსთავი 2-ს" განსაკუთრებული და ინტენსიური ურთიერთობა აქვს მათთან წლების განმავლობაში, ყველა საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გავდივართ როგორც კონსულტაციებს, ასევე ვიღებთ გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებებს კომისიასთან ურთიერთთანამშრომლობისას. გარკვეული ტიპის პრობლემები, რა თქმა უნდა, არის დაგროვილი, თუნდაც ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ბაზაში გარკვეული ცვლილებები უკვე საჭიროა, ბევრი საკითხი გადასახედია. ჩვენ იმედი გვაქვს თანამშრომლობის," - აცხადებს ბაკურ ბაკურაძე.

 

დღის ამბები