ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი იმართება. სასამართლო დღეს მსჯელობს ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ეპიზოდზე. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულია გელა უძილაური, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მკვლელობის შემკვეთად კი საგამოძიებო უწყებამ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
"დავით მიქაძე მათ ყოველთვიურად ანგარიშზე ოფიციალურად ურიცხავდა შრომის ანაზღაურებას. შესაბამისად, გარკვეული თანხების გელა უძილაურის ანგარიშზე ჩარიცხვა აიხსნება იმით, რომ გიორგი ჯოხაძეს არ ჰქონდა თავისი პირადი ანგარიში საქართველოში მოქმედ კომერციულ დაწესებულებებში. ასევე, დღეს დაიკითხება გიორგი ჯოხაძის მეუღლე - ელენე ძაძუა, რომელიც ამ გარემოებას დაადასტურებს და ახსნის, გელა უძილაურთან დავით მიქაძის ანგარიშიდან რამდენჯერმე თანხის გადარიცხვა რით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული“, - აცხადებს გიორგი მიქაძის ადვოკატი შორენა ნიქაბაძე.