03 აგვისტო 2026,   17:18
ვრცლად
ცხვარში დოლი დაიწყო - გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მეცხვარეები ზამთრის საძოვრებიდან თუშეთში ავლენ, რაც დიდ მომზადებას მოითხოვს

მზის ამოსვლას უკვე ფეხზე ხვდებიან. სამუშაო ბევრია, მოვალეობები გადანაწილებული. ამ ხალხის საქმიანობა მუდმივ სიფხიზლესა და ყურადღებას ითხოვს. ეს ღამეც არც თუ მშვიდი ჰქონდათ. სადგომში შეპარულმა მგელმა ერთი ცხვრის გატაცება და რამდენიმეს დაზიანება სულ რამდენიმე წამში მოასწრო. ზუსტი დანაკლისი მაშინ ეცოდინებათ, როდესაც ფარას გადათვლიან. მეცხვარეობა არაა მარტივი საქმე.

ქართლოსი თითქმის 30 წელია ცხვარშია. ასეთ რეჟიმს ბევრი ვერ უძლებს და ხშირად გარკვეული პერიოდის შემდეგ სახლებში ბრუნდებიან. ეს ის საქმეა, რომელიც ბოლომდე დახარჯვას მოითხოვს.

სამუხის ველზე არსებული მეცხვარეების ბინების უმრავლესობა გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული. ეს ნაგებობები კი ცალკე ისტორიაა. საკუთარი წარწერა ამ კედლებზე თითქმის ყველამ დატოვა, ვისაც აქ ერთი სეზონი მაინც გაუტარებია. თუმცა წლიდან წლამდე, ახალი წარწერების რაოდენობა მცირდება.

თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე რთული თვეა მეცხვარეებისთვის. იწყება დოლი და თითოეულ ახალდაბადებულს ყურადღება სჭირდება.

ბატკნები პირდაპირ საძოვრებზე იბადებიან. მათ შესაგროვებლად და ბინაზე გადასაყვანად კი ვირი საუკეთესო საშუალებაა. ღამე დედა-შვილებს ცალ-ცალკე აბინავებენ. ყოველ დილას იწყება ცხვრის გაბერავება, ანუ პატარების დედებთან მიშვება. ამ პროცესის დროს პირუტყვის გადათვლაცაა შესაძლებელი.

ცხვრის ფარიდან ცოტა მოშორებით, ხშირად შეამჩნევთ ქურციკების ჯგუფებსაც. ცხვართან სიახლოვე მათთვის ერთგვარი უსაფრთხოებაა, რადგან ძაღლების გამო ნადირი არ ეკარებათ. წინა საუკუნეში ქურციკების რაოდენობა სამუხზე სავალალოდ შემცირდა.

ქურციკების გამრავლება დაცულ ტერიტორიაზე 2013 წელს დაიწყო. ვაჟა ყოჩიაშვილი უკვე წლებია ამ პროცესს თვალს ადევნებს და დღეს მათი რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა.

დოლი ცხვარში მალე დასრულდება. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მეცხვარეებს უკვე სხვა სამუშაოც ემატებათ. ზამთრის საძოვრებიდან თუშეთში ასვლა კარგ მომზადებას მოითხოვს.

ასე რომ, გაზაფხულის შემდეგ, სამუხის ველებზე მეცხვარეებს უკვე ნაკლებად შეხვდებით, სამაგიეროდ ქურციკების სანახავად აქ ჩამოსვლა ნებისმიერ დროს შეიძლება.

 

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები