გასულ წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან, გიორგი გახარიას პირად თუ პარტიის "ფეისბუქ" გვერდებზე, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ევროპარლამენტარებთან შეხვედრის ამსახველი კადრები ერთი მეორის მიყოლებით ვრცელდებოდა.
2025 წლისგან განსხვავებით, 2026-ში პარტიამ გაავრცელა მხოლოდ ანონსი, რომ ბრალდებული ექსპრემიერი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავდა, თუმცა ამ განცხადებიდან ერთი კვირის შემდეგაც შეხვედრის ამსახველი არც ფოტო და არც კონკრეტული ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. გახარიას გუნდის მთავარი მტკიცებულება მხოლოდ სიტყვებია. ამბობენ, რომ მათი ლიდერი მიუნხენში არა ფოტოების გადასაღებად, არამედ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის იყო.
როდის გაასაჯაროებს გახარია მიუნხენის კონფერენციაზე გადაღებულ ფოტოებს? პარტია დუმს, "ქართული ოცნება" კი მტკიცებულებებს ითხოვს. მმართველ გუნდში ეჭვობენ, რომ ის, რასაც ექსპრემიერის გუნდი უკვე მეორე დღეა ჯიუტად ამტკიცებს, რეალურად არც მომხდარა.
გიორგი გახარიამ ნდობა არა მხოლოდ სახელისუფლებო გუნდში, არამედ ოპოზიციაშიც უკვე დიდი ხანია დაკარგა, მას შემდეგ, რაც საქართველოდან გერმანიაში გაემგზავრა და აღარ დაბრუნებულა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ ექსპრემიერის იმედი არც ქვეყნის შიგნით ჰქონიათ და არც გარეთ აქვთ.
მორიგი ტყუილი განულებული რეპუტაციის აღსადგენად - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ექსპრემიერი ახლა პოლიტიკური წონის მოსამატებლად ყველა გზას იყენებს, მათ შორის მანიპულაციურსაც. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ექსპრემიერის და მისი პარტიის სანდოობა მინიმუმზეა. ამის დასტურად სახელისუფლებო გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ასახელებს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წელს 13-15 თებერვალს ჩატარდა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფორუმზე საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა წარმოადგინა.
ავტორი: ნანა გოგატაძე