კარგად ორგანიზებული დემონსტრაციები, სპონტანური, მშვიდობიანი პროტესტის სახელით - ეს 2024 წლის "გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგო აქციების მოკლე შეფასებაა, რომელზეც ვრცლად სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი საუბრობს. სკანდალური განაცხადი მაიკ ბენცს ეკუთვნის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საერთაშორისო პრაქტიკას ვიდეომიმართვაში მიმოიხილავს. ამ კონტექსტში ახსენებს საქართველოს მაგალითს. "მაიდნის" მსგავსი ბარიკადები, "მოლოტოვის კოქტეილები", პიროტექნიკა - კიბერუსაფრთხოების ამერიკელი ექსპერტი ღიად ამბობს, რომ 2 წლის წინ, დემონსტრანტები თბილისის ცენტრში სწორედ ამერიკული დაფინანსებით მოქმედებდნენ. ამხელს USAID-ს და NED-ს. განმარტავს, რომ ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხები სხვა ქვეყნებში, დემოკრატიის საფარქვეშ ე.წ. რეჟიმის შეცვლის პოლიტიკას ემსახურება. საუბრობს ორმაგ სტანდარტებზეც. ბენცის თქმით, ვაშინგტონი სხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში "ფარას" მსგავსი კანონის მიღებას ერთადერთი მიზეზით ეწინააღმდეგებოდა - არ დაეკარგა გავლენა შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, რომელსაც სწორედ NGO-ების ხელით ინარჩუნებდა.
USAID-ის და NED-ის დაფინანსებას საქართველოში ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია იღებდა, ვინც გამჭვირვალობის კანონს თავიდანვე დაუმორჩილებლობას უცხადებდა. რა პოზიცია აქვთ დღეს საკუთარი დონორების მხილებაზე? - ისინი ტრადიციულად დუმან. "კურიერი" არაერთი NGO-ს ოფისში იმყოფებოდა, იმისთვის, რომ მოესმინა მათი, როგორც საპროტესტო აქციების უშუალო ორგანიზატორების განმარტებები, თუმცა უშედეგოდ.
უცხოეთში გადარეგისტრირებულ ქართულ ორგანიზაციებთან ვერც სატელეფონო კომუნიკაცია შედგა.
უმრავლესობამ ზარებს არ უპასუხა, იმ მცირე გამონაკლისის გარდა, რომელმაც ამ საკითხზე დასმულ კითხვასაც რუსული უწოდა - ისე, როგორც თავის დროზე ამერიკული "ფარას" ანალოგიურ კანონს.
თავად ამერიკიდანვე მხილებული NGO-ების პოზიცია არ უკვირს სახელისუფლებო გუნდს, სადაც აცხადებენ, რომ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა იყო და რჩება პრიორიტეტად. ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო დადგა დღის წესრიგში გამჭვირვალობის კანონის მიღება და ამის გამო დაუპირისპირდნენ "ქართულ ოცნებასაც" უცხოელი აქტორები.
არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს დღესაც ხელისუფლების ოპონენტები იცავდნენ, თუმცა ამერიკელი მაღალჩინოსნის სკანდალურ აღიარებას ვერც ადასტურებდნენ და ვერც უარყოფდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ექსმაღალჩინოსნის განცხადების სანდოობაში ეჭვიც კი შეიტანეს.
ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსნის აღიარება "ქართული ოცნებისთვის" მორიგი, თუმცა ამჯერად პირდაპირი დადასტურებაა, თუ ვინ იყო ბოლო წლების ყველაზე რადიკალური და ძალადობრივი აქციების ავტორი. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მაიკ ბენცის სკანდალური აღიარებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა რა ფარული მიზნები ამოძრავებდათ უცხოურ ძალებს საქართველოში.
„დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება“, თარგმანში ჩვენი მარიონეტული აქტივების გაძლიერებას ნიშნავს - აცხადებს ანალიტიკური ვიდეოს ბოლოს ყოფილი მაღალჩინოსანი. მისი თქმით, USAID-ის არსებობის ერთადერთი მიზანი უცხოური მთავრობის დამხობა ან მასზე გავლენის მოხდენაა. მაიკ ბენცი ამ კონტექსტში პარალელს ავლებს უნგრეთთანაც და იხსენებს, რომ ორგანიზაციის მისია დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს დახურა, რადგან პრეზიდენტ ობამას დროს ისინი ვიქტორ ორბანის რეჟიმის შეცვლას ცდილობდნენ.