12 აგვისტო 2026,   08:41
ვრცლად
ახალი წესები ძველი საბურავებისა და მავნე ნივთიერებების მინიმიზაციისთვის - როგორ შეცვლის ქალაქის იერსახეს ახალი რეგულაცია

უკვე ამოქმედდა რეგულაცია, რომელიც ქალაქში მეორადი საბურავების და ჯართად ქცეული მანქანების განთავსებას აწესრიგებს. წლებია, ძველი საბურავები და ჯართი ქალაქის ცენტრში სხვადასხვა ადგილებში ინახება, რაც სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს და ხანძრის გაჩენის რისკს ქმნის.

ვულკანიზაციებიც ხშირად პირდაპირ საცხოვრებელი კორპუსების ძირში ფუნქციონირებდა, სადაც ასობით მეორადი საბურავი იყო შენახული - ასეთ პირობებში კი ერთი ნაპერწკალიც საკმარისია სერიოზული საფრთხისთვის, განსაკუთრებით იქ მცხოვრებლებისთვის.

ახლა ეს ყველაფერი მკაცრ წესებს დაექვემდებარა. მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების შენახვა და რეალიზაცია, მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვითა იქნება შესაძლებელი. 

2 თვის წინ თონის ნაცვლად იყო ვულკანიზაცია, სადაც მეორეულ საბურავებსაც ყიდდნენ, ძრავის ზეთებსაც და მძღოლებს კიდევ არაერთ სერვისს სთავაზობდნენ.

ასე იყო და აღარ არის თბილისის დასახლებულ ზონებში ბევრი მსგავსი ობიექტი.

მიზეზი ჯერ კიდევ 2020 წელს დამტკიცებული და 2026 წლის იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციაა.

დოკუმენტი მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების, ჯართის, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაციას არეგულირებს.

ცვლილების მიზანი, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის შემცირებაა.

გაამართლა თუ არა უკვე ამოქმედებულმა შეზღუდვამ მთავარი მიზანი - ჯერ დასკვნის გაკეთება ნაადრევია, თუმცა ქალაქის იერსახეს აღსრულების ამოქმედება უკვე დაეტყო, განსაკუთრებით ტერიტორიას, რომელიც მუნიციპალიტეტში ყველაზე პრობლემურ ზონად ითვლებოდა.

რეგულაცია ითვალისწინებს მეორეული საბურავების, ჯართის, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაციის აკრძალვას საცხოვრებელ, რეკრეაციულ და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ზონებში.

მათი განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიან ზონებში. ზონების განსაზღვრა კი რუკით ხდება.

რეგულაციები მოქმედებს ბიზნესისთვის დასაშვებ ზონებშიც. მასალის განთავსება უნდა მოხდეს დახურულ სივრცეში და არ უნდა მოხდეს მათი შეხება ღია გრუნტთან.

დამრღვევებისთვის განსაზღვრულია სოლიდური ჯარიმა.

კანონის აღსრულებამდე საკმაოდ ხანგრძლივი, 5 წლიანი მოსამზადებელი პერიოდი გაიწერა. საკრებულოს დადგენილება 2020 წლით თარიღდება, შემდეგ იყო ბიზნესთან კონსულტაციების პერიოდი, შემდეგ რამდენიმე გადავადება, შემდეგ არაერთი გაფრთხილება და ბოლოს აღსრულება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან. რეგულაცია ამოქმედებულია, აღსრულება დაწყებულია.

ეს ყველაფერი კი ხორციელდება იმისთვის, რომ ატმოსფერულ ჰაერში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი იმ მავნე ნივთიერებების გაფრქვევა, რაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

დღის ამბები