საქართველოში მიგრაციის პრობლემის და მიგრაციული პოლიტიკის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის პრემიერ-მინისტრმა ვიდეო მიმართვაში დეტალურად ისაუბრა ყველა იმ მაჩვენებელზე, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყოფნას უკავშირდება. ქვეყანაში მყოფი უცხოელების დაახლოებით 70 პროცენტი პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის სახელმწიფოების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოქალაქეები არიან. საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,7 პროცენტს შეადგენენ თურქეთისა და ირანის მოქალაქეები, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საუდის არაბეთიდან და ქუვეითიდან ქვეყანას მიგრანტები პრაქტიკულად არ ჰყავს. ეს კი პრემიერ მინისტრის განცხადებით კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ოპონენტების უმრავლესობა მხოლოდ სპეკულაციებითაა დაკავებული.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მარტივმა სტატისტიკამ წერტილი დაუსვა ოპოზიციის მხრიდან საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას. შალვა პაპუაშვილის თქმით, პარტიები რომლებიც საზოგადოებაში
პროევროპული იმიჯის მორგებას ცდილობენ, რეალურად კი მიგრაციული საკითხებით სპეკულირებენ დღეს მორიგ ჯერზე გამოაშკარავდნენ.
"ლელო" ის ოპოზიციური პარტიაა, რომელიც საქართველოში ე.წ არაბიზაციაზე საუბრობდა. დღეს კი ამბობენ, რომ რისკები რჩება, თუმცა არავის გაძევების მომხრეები არ არიან. საპარლამენტო ოპოზიცია ლელოს განცხადებებისგან დისტანცირების რეჟიმშია. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ მიგრაცია ნამდვილად პრობლემაა და მასთან გასამკლავებლად შესაბამისი კანონმდებლობაა საჭირო.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ შემუშავებული პოლიტიკით უნდა გაძლიერდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი. შედეგად ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე წელში ქვეყანა არალეგალი მიგრანტებისგან სრულად გათავისუფლდება. 1-ელი მარტიდან იგეგმება უცხოელების დასაქმების შესაძლებლობის მაქსიმალურად შეზღუდვა. 2017 წელიდან კი ქვეყანაში კონსტიტუციური ნორმა მოქმედებს, რომლის მიხედვითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებაა აკრძალული.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. უწყება აქტიურად მუშაობს, როგორც ტექნოლოგიურ და ინფრასტრუქტურული, ასევე საკანონმდებლო კუთხით. 2025 წელს მიღებულმა ცვლილებებმა კი აჩვენა, რომ მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტურია და ამა ციფრებიც ადასტურებს.
სამთავრობო გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, რისთვისაც ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებენ.