12 აგვისტო 2026,   03:29
ვრცლად
ტექნიკური ხარვეზი თუ პოლიტიკური გზავნილი - გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილია მითითებული, პირველ დიპლომატად კი ილია დარჩიაშვილი

საქართველოს ხელისუფლებას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სწორედ მაკა ბოჭორიშვილი წარმოადგენს, ოფიციალური ბერლინისთვის კი საგარეო საქმეთა მინისტრად ისევ ილია დარჩიაშვილი რჩება. მეტიც, გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილია მითითებული - პირველ დიპლომატად კი ყოფილი მინისტრი. ოფიციალური ინფორმაცია 2024 წლის შემდეგ არ განახლებულა.

ადამიანური თუ მიზანმიმართული შეცდომა? - მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ გერმანიის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს შესახებ ინფორმაციის შეცვლა არ დაავიწყდებოდა, რადგან არ დავიწყებია მაგალითად რუსეთი, რომლის მონაცემებიც ბოლოს სექტემბერში განახლდა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დიპლომატიური უწყების არადიპლომატიური ნაბიჯი იმ პოლიტიკურ პოზიციას ასახავს, რასაც თბილისში აქტიურად გამოხატავს პეტერ ფიშერი. სპიკერის თქმით, ქართულ-გერმანული ურთიერთობის გაუარესებაზე ყალბი წუხილის ნაცვლად, გერმანიის ელჩმა უნდა განმარტოს, მსგავსი ქმედებებით, რატომ აზიანებენ თავად წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ თანამშრომლობას.

კონკრეტულ საკითხს არა, თუმცა ზოგად კრიტიკას ერთ-ერთ ინტერვიუში უპასუხა. გერმანიის ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს გერმანიასთან მისი კავშირები შეახსენა.

პასუხის პასუხმაც არ დააყოვნა. სპიკერმა დიპლომატს ისევ ფაქტების უზუსტობაზე მიუთითა.

ის, რაც მმართველი პარტიისთვის ქვეყნებს შორის ურთიერთობას აზიანებს, მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია გერმანიაში მყოფი გიორგი გახარიას გუნდისთვის.

მიხეილ სააკაშვილის პარტიაში კი პირდაპირ ამბობენ, რომ გერმანიის დიპლომატიური უწყების ჟესტი რეალურად პოლიტიკური გზავნილია ახალი არჩევნების მოთხოვნით.

"ქართული ოცნებისთვის" ფაქტი პოლიტიკურ დემარშად ფასდება. ამბობენ, რომ გერმანული მხარის დღევანდელი პოზიცია არ უკვირთ, განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით.

2024 წლის 30 ოქტომბერი. ამ დღესაა განახლებული გერმანიის საგარეო საქმეთა
სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ოფიციალური მონაცემები. მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნები უკვე ჩატარებული იყო.

დღის ამბები