მიუნხენი კვლავ მსოფლიოს ლიდერების შეკრების ცენტრია. ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც უსაფრთხოებას ეძღვნება გახსნილია. 13-15 თებერვალი, ბავარია, სასტუმრო "ბაიერიშერ ჰოფი," სადაც 50 სახელმწიფოს მეთაური, 120 ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები მსოფლიოს გადაწყობას შეეცდებიან.
საქართველოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს.
მაკა ბოჭორიშვილი დღეს პანელზე სიტყვით უკვე გამოვიდა. რატომ არის საქართველო ევროპის უსაფრთხოების ნაწილი, რა გზას ხედავს და რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორების სწორი დამოკიდებულება. რა ასწავლა მსოფლიოს ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ოთხ წლიანმა ომმა და რა მნიშვნელოვანი როლი აქვს აღმოსავლეთისა და დასავლეთის კარიბჭედ წოდებულ საქართველოს შუა დერეფნის კონტექსტში, რომელიც ევროპისთვის სულ უფრო პრიორიტეტული ხდება.
"ცვლილებების დროში ვცხოვრობთ, რაც ჩვენს რეგიონს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. თუ შევხედავთ დაკავშირებადობის საკითხს, დავინახავთ იმას, რაც ჩვენს გარშემო ხდება, მივხვდებით, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. ამ პროცესში მეზობლებთან - აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად ვმუშაობთ. რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის და ახალ აქტუალობას სძენს სომხეთ-აზერბაიჯანის დარეგულირებული ურთიერთობაც. საქართველო კი არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზა. რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, შეცვლილი ვითარების პირობებში, საქართველოზე გამავალი გზა არის ევროპის უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი.
ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მუდმივად ვითარდება, ეს ჩანს მაჩვენებლებშიც. ვართ სტაბილური ქვეყანა, რომელსაც ყველა მეზობელთან სტრატეგიული ურთიერთობა აკავშირებს. რა თქმა უნდა, რუსეთის გარდა. ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20%ი კვლავ რუსეთს აქვს ოკუპირებული 20 რეგიონში უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. ამის ფონზე კი, ძალიან ამაყები ვართ, რომ 16 შეთანხმება გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მათ შორის ევროკავშირთან, ჩინეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. გვაქვს რამდენიმე მიმდინარე მოლაპარაკებაც სხვა სახელმწიფოებთან. უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველო ღიაა ახალი პროექტებისთვის, მითუმეტეს, რომ ევროკავშირიც უყურებს სხვადასხვა მიმართულებით შავ ზღვას.
ჩვენი პერსპექტივიდან ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა რუმინეთთან და ბულგარეთთან. შავი ზღვის კაბელი, ისევე, როგორც აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა - ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენ, ვართ გზა, რომელიც რეგიონებს აკავშირებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ძალიან დიდ ინვესტიციას ვდებთ ამ სფეროში. შვიდი მილიარდი დავხარჯეთ გასულ წელს იმ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომელიც დაკავშირებადობის კუთხით წამყვან როლს ასრულებს. პოტენციალი ძალიან დიდია, რაც მეტ მუშაობას და მეტ განვითარებულ პროექტს საჭიროებს. საქართველოში ჩვენ გვაქვს ბათუმისა და ფოთის 2 მოქმედი პორტი, ორივე მათგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაკავშირებადობის
კუთხით. მაგრამ, მეორე ნაწილი, რაზეც ვმუშაობთ არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება, რომელიც იქნება განსაკუთრებით საინტერესო ევროპისადა აზიის დასაკავშირებლად. ეს პორტი შეიტანს თავის წვლილს შუა დერეფნის განვითარების პროცესში. ასევე, გადამწყვეტია სამანქანო გზებისა და რკინიგზის განვითარება. ამ კუთხით საინტერესოა ბაქო თბილისი ყარსის პროექტი. ასევე, ველოდებით "ტრიპის" პროექტის განვითარებას, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი
სამხრეთ კავკასიაში - ამ პროცესში ჩვენს როლს შევასრულებთ. ბევრს ვმუშაობთ, ბევრს ვაშენებთ, თუმცა მნიშვნელოვანია კოოპერაცია სხვადასხვა სახელმწიფოსთან,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.