12 აგვისტო 2026,   06:06
ვრცლად
[ოპოზიციას] სპეკულაციები რომ ექნება, გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიღებთ, როგორც პოზიტიურ სიგნალს იმისთვის, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტზე

მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან მორიგ სპეკულაციაზე საუბრობს, რომელიც ამჯერად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვაშინგტონში ვიზიტს უკავშირდება. ოპოზიციის მხრიდან გააქტიურდა საუბრები, თუ ვის შეხვდა მამუკა მდინარაძე აშშ-ში და რა იყო განხილვის მთავარი თემა. ითხოვენ განმარტებას, დაასახელეს რამდენიმე ვერსია, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბესო შენგელიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ მამუკა მდინარაძე შეხვდა ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ტულსი გაბარდს, რაზეც საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს.

საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩომაც გააკეთა განცხადება, - ის, რისი თქმაც იყო საჭირო, ყველაფერი ითქვა. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა ოფიციალურ პირებთან აშშ-ში, მის კოლეგებთან.

მათ სპეკულაციები რომ ექნებათ ყველაფერთან დაკავშირებით, გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიღებთ, როგორც პოზიტიურ სიგნალს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ იმედი, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება. ჩვენ სულ რამდენიმე დღის შუალედში ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტის კომუნიკაცია აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ასევე, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი მის კოლეგებთან. ეს დინამიკა ჩვენ გვიტოვებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება," -აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები