დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისია მეორე სხდომას გამართავს.საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან მწარმოებლებს. კომპანიებს, რომლებიც ხილს, ბოსტნეულს, წვენებს და ჯემებს აწარმოებენ.
განიხილება ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესები.
წინა შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით, მოიწვიონ საერთაშორისო კომპანია, რომელიც პროცესში ჩაერთვება, გამოწვევებს შეისწავლის და რეკომენდაციებს გასცემს.
საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აუდიტორული ფირმა კომისიას ექსპერტული დასკვნის მომზადებაში დაეხმარება.
"არსებობს საერთაშორისო აუდიტორული ფირმები, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ. მათი მთავარი სპეციალობა, სწორედ კომპანიებში სხვადასხვა პროცესების შესწავლას წარმოადგენს - შეისწავლონ ფასწარმოქმნის საკითხები და ამაზე კვალიფიციური დასკვნა დადონ. იგულისხმება, რომ კომისიას დაეხმაროს, მისი პროფესიული, ექსპერტული დასკვნის მოსაზრებით.
ჩვენ მოვიძიებთ, შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც მიეხმარება კომისიას - ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ კომისია იხმარს ექსპერტებს სხვადასხვა მიმართულებით. ექსპერტული დახმარება იქნება, მათ შორის იმისთვის, რომ ყველამ ნახოს - ეს არ არის პოლიტიკური, ან პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე მიმდინარე პროცესი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.