08 ივნისი 2026,   12:26
ვრცლად
თბილისის აეროპორტში ამოღებული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, 30 სამალავიდან ამოღებული "ბიო" და დაკავებული რეალიზატორი - ქვეყანაში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილი მგზავრი ბარგში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკს მალავდა. ისრაელის მოქალაქე პოლიციამ დანაშაულის ფაქტზე დააკავა.

როგორ გავიდნენ სამართალდამცველები ნარკოდანაშაულის კვალზე - დეტალები "კურიერისთვის" ცნობილია.

მიქაელ სონიე კაშუა საქართველოში თელ-ავივი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. თან მცირე ზომის ჩანთა ჰქონდა. მებაჟე ოფიცრებმა ხელბარგი საეჭვოდ მიიჩნიეს და დეტალური დათვალიერებისთვის სპეციალურ ოთახში გადაიტანეს. შიგნით 112 აბი პრეგაბალინი იყო დამალული. ამის შემდეგ შემოწმდა ისრაელის მოქალაქის ბარგში ჩაბარებული ჩემოდანიც. მასშიც ნარკოტიკი იყო დამალული - სამართალდამცველებმა ტრამადოლის და კოდეინის აბები ამოიღეს.

ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქეც დააკავეს. მისი ხელბარგიდან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 134 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

ოსმან გასიმოვის დაკავებამდე, "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებები ჩაატარა. საზღვრის გადმოკვეთისთანავე 23 წლის მამაკაცს ხელბორკილები დაადეს და ბრალი ადგილზე განუმარტეს.

ბრალდებული გასიმოვი დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატის ინფორმაციით, მის დაცვის ქვეშ მყოფს არ იცოდა, რომ ნარკოტიკული საშუალება პრეგაბალინის საქართველოში შემოტანა კანონით ისჯება.

ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ფაქტზე დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დღეს კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გაკეთდა.

ბოლო 24 საათში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს. თბილისში პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით ნარკოტიკების რეალიზაციას უწყობდა ხელს.

საქმეზე დიდი ოდენობით ამოღებულია ე.წ. ბიო. ფსიქოაქტიური საშუალება პოლიციამ პირადი ჩხრეკისას და 30 ადგილას მოწყობილი სამალავებიდან ამოიღო. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 30 წლის მამაკაცი ნასამართლევია.

დღის ამბები