დარბაზი, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, ნახევრად ცარიელი იყო. დისკუსიაში მონაწილეობა ჰელსინკის კომისიის არც ერთ წევრს, კონგრესმენსა და სენატორს არ მიუღია. დამსწრეთა შორის იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი. სამი მომხსენებლიდან ერთ ერთ მთავარი კი ლორა თორნტონი იყო.
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, რომელიც დონალდ ტრამპს მძიმე ბრალდებებს უყენებს, ქართველ დემონსტრანტებს ხშირად ასწავლის პროტესტის როგორი ფორმა გამოიყენონ, საქართველოს ხელისუფლებას კი მუდამ აკრიტიკებს. თორნტონს შანსი ხელიდან არც ამჯერად გაუშვია და ქართული ოცნება ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაში დაადანაშაულა. კრიტიკის მთავარი ობიექტი გამჭვირვალობის კანონი იყო. მისი თქმით გამკაცრებული კანონების ფონზე, სულ უფრო უჭირთ დონორებს საქართველოში ფულის გამოგზავნა, თუმცა ირწმუნება, რომ ალტერნატიული გზები უკვე ნაპოვნია, ამ გზებს კი ენდიაის, მარშალისა და სოროსის ფონდები კარგად იცნობენ.
ლორა თორნტონის ეს განცხადება, მმართველი გუნდისთვის აღიარებითი ჩვენებაა, რომ მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი დონორების ხელით და კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში თანხის შემოტანას მაინც შეეცდება. თუმცა ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ გარე დაფინანსებით, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ვეღარ მოხდება.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ კანონი არც წარსულში ირღვეოდა და არც გამჭვირვალობის პრობლემა იყო. ხელისუფლების ოპონენტები თქმით, თანხები რომელიც საქართველოში უცხოეთიდან შემოდიოდა დემოკრატიული მიზნებისთვის იხარჯებოდა.
რევოლუცია, არეულობა და დესტაბილიზაცია - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სწორედ ამ მიზნებისთვის შემოდიოდა უცხოეთიდან საქართველოში ფული, თუმცა მათი თქმით, წარსული აღარ განმეორდება, უცხოელი დონორების არაკეთილსინდისიერი მიზნები კი რეალობად ვერც ამჯერად იქცევა.
ცუდი ამინდის გამო, მოსმენა ჰელსინკის კომისიამ 28 იანვარს გადადო. გუშინ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე წევრებთან ერთად დიდ სკანდალში გაეხვა. კომისიის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მოქმედ წევრებს მძიმე ბრალდებები წაუყენა, მათ შორის იყო სისტემური კორუფცია, ფინანსურ მაქინაციები, რასობრივი სექსუალური და ანტისემიტური ქმედებები.
ავტორი: ნანა გოგატაძე.